ახალი ამბები
საბავშვო ბაღის გამგემ თანასოფლელთა ნაწილი ოცნების შეხვედრაზე მოტყუებით მიიყვანა
სოფელ სასირეთში, კულტურულ ღონისძიებაზე მიწვეულ გორაკის მცხოვრებლებს, ქართული ოცნების კანდიდატის ირაკლი მეზურნიშვილის პოლიტიკური შეხვედრა დახვდათ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ამავე სოფლის მკვიდრი ლანა ბეჟიტაშვილი ესაუბრა.

მისი თქმით, სოფელ სასირეთის საბავშვო ბაღის გამგემ ქეთევან ჭაჭიაშვილმა აღსაზრდელების მშობლები შეცდომაში შეიყვანა და შეატყობინა, რომ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლმუზეუმთან საღამოს 6 საათისთვის კულტურული ღონისძიება იმართებოდა.

ეს ყველაფერი ბაღის გამგემ თანამშრომლის დახმარებით გააკეთა.

,,25 აგვისტოს ჩემთან ერთად იმყოფებოდა ჩემი მეგობარი თეა დათუნაშვილი, რომელსაც ბაგა-ბაღის გამგემ ქეთევან ჭაღიაშვილმა დაურეკა და შეატყობინა, რომ მაზნიაშვილის მუზეუმთან 6 საათისათვის ღონისძიება იმართებოდა. გარდა ამისა, ბაგა-ბაღის გამგემ ერთერთ თანამშრომელს დაურეკა და სთხოვა, სოფელში გაევრცელებინა ხმა ღონისძიების შესახებ. " - ლანა ბეჟიტაშვილი.

ლანა ბეჟიტაშვილი ამტკიცებს, რომ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმთან შეკრებილ პოლიტიკურ შეკრებაზე ერთერთმა პიროვნებამ პროტესტი გამოთქვა, რომელსაც გაჩუმებისკენ მოუწოდეს და პროვოკატორი უწოდეს.

სასირეთის საბავშვო ბაღის გამგე ქეთევან ჭაღიაშვილი სატელეფონო ზარების განხორციელებას არ უარყოფს:

,,თქვენი საქმე არა, მე ვის დავურეკავ და ვის არა, რა რის გამოძიებას მიწყობთ? არც კი ვიცნობ ეგეთ პიროვნებას" - ამბობს ქეთევან ჭაღიაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები