ახალი ამბები
საკრებულოს თავმჯდომარემ რიგგარეშე სხდომა არასამუშაო დროისთვის დანიშნა
2016 წლის 5 სექტემბერს ქალაქ გორის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დილის რვის ნახევარზე დაიწყება.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა მიიღო.

არასამუშაო დროს დანიშნულ სხდომაზე თავმჯდომარის, ილია მეტრეველის იმპიჩმენტის საკითხი უნდა განიხილონ. მისი გადაყენების მომხრე წერილობით 9 დეპუტატია, მათ შორის, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" და ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები.

საკრებულოში კი 15 წევრია.

რეგლამენტის მიხედვით, რვისნახევარზე მიღებული გადაწყვეტილება არალეგიტიმურია, რაც ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელს ილია მეტრეველს სასამართლოში გასაჩივრების საფუძველს აძლევს.

სხდომის დაწყების პერიოდად კი, ამავე რეგლამენტის მიხედვით, დილის 10 საათია დადგენილი.

საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობა თვლის, რომ ილია მეტრეველი და მის უკან მდგომი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი პროვოკაციაზე მიდიან.

„ამ პროვოკაციული განზრახვის მიუხედავად, ჩვენ დავესწრებით საკრებულოს 5 სექტემბრის სხდომას და მივიღებთ გადაწყვეტილებას ქალაქის სასიკეთოდ. არასამუშაო დროს მიღებული გადაწყვეტილება ვერ გახდება მისი იურიდიულად ბათილად ცნობის საბაბი. ირაკლი ოქრუაშილს ვერ მივცემთ საშუალებას, ხელოვნურად შეუქმნას საკრებულოს დაბრკოლება", - განაცხადა ფრაქცია ,,ქართული ოცნების" ხელმძღვანელმა ლია ჩლაჩიძემ.

ყველაფერი 2 სექტემბერს დაიწყო.

2 სექტემბერს საკრებულოს 9 დეპუტატმა კანცელარიაში განცხადება შეიტანა. ამ განცხადებით, რიგგარეშე სხდომის ჩატარება  და დღის წესრიგში თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხის შეტანა მოითხოვეს.

3 სექტემბერს საკრებულოს თავმჯდომარემ აპარატის უფროსი ზაზა ნასყიდაშვილი გაათავისუფლა, ხოლო, მის ნაცვლად ქონების მართვის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი გიორგი ქობლიანიძე დანიშნა. 3 სექტემბერსვე ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა თამარ თედლიაშვილმა ეს ფაქტი იმპიჩმენტის პროცედურების გაჭიანურებას დაუკავშირა.

ზაზა ნასყიდაშვილმა ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკური ჯამბაზი უწოდა. მის შემოქმედებით ღვაწლს ნაციონალური მოძრაობის პერიოდში ჩადენილი უკანონო ქმედებები (ქონების ჩამორთმევა, ადამიანების ტერორი, დაშინება) დაუკავშირა.

ტელეკომპანია ,,მაესტროს" ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ საკრებულოში მიმდინარე პროცესების უკან,,ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე დაინახა. ოქრუაშვილს, ადგილობრივ თვითმმართველობის გუნდის წევრებს შორის არსებულ კინკლაობაში, მმართველი გუნდის ასეთი ჩარევა უკვირს.

ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარე ილია მეტრეველი ოქრუაშვილის პარტიის წევრია. ქალაქ გორის 15 კაციან საკრებულოში ოქრუაშვილის პარტიიდან მხოლოდ 4 წევრია.

მეტრეველამდე საკრებულოს ,,ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი პაპუნა კობერიძე ხელმძღანელობდა. პაპუნა კობერიძეს იმპიჩმენტი 2016 წლის 4 იანვარს გამოუცხადეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები