ახალი ამბები
კასპში მოქალაქე ნარგიზა ემინოვა სასტიკად ცემეს
ქალაქ კასპში მცხოვრები ნარგიზა ემინოვა ჯერ ცემეს, შემდეგ თავი ტროტუარზე არტყმევინეს.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალბატონი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კასპის ,,მედალფას" კლინიკაში გადაიყვანა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კი, თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ნეიროქირურგიის განყოფილებაში მოათავსეს.

პოლიციას არავინ დაუკავებია.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობს, იურიდიული დახმარება ამავე პარტიის იურისტმა გიორგი შარიფაშვილმა აღმოუჩინა.

სწორედ, შარიფაშვილის წყალობით, ექიმები იძულებული გახდნენ საქმეში პოლიცია ჩაერთოთ.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ნარგიზა ემინოვამ, მევალეს გოჩა ილურიძეს სახლში მიაკითხა და კუთვნილი 500$-ის დაბრუნება მოსთხოვა.

სახლში ნარგიზა ემინოვას გოჩა ილურიძის დედა დახვდა, რომელთანაც კამათი მოუვიდა.

მევალისა და მოვალის კამათში გოჩა ილურიძის ბიძაშვილი თამაზ ილურიძე ჩაერთო. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნარგიზა ემინოვას ცემა თამაზ ილურიძემ დაუწყო.

მეზობლების თქმით, ემინოვას ტროტუარზე არტყმევინეს თავი.

მეზობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. თავდაპირველად 112-ზე დარეკვისას მიუთითეს, რომ თითქოს ქალბატონი კიბეებიდან დაგორდა.

,,მედალფას" კლინიკის კასპის საავადმყოფოს დირექტორი რეზო ბიგვავა გვეუბნება, რომ საავადმყოფოში მიღებისთანავე ფაქტის შესახებ პოლიციას ეცნობა.

,,მე როდესაც ნარგიზა ემინოვას სანახავად მივედი საავადმყოფოში, პოლიციამ ამის შესახებ ჯერ არ იცოდა. გავაპროტესტე აღნიშნული ფაქტი და ექიმმა მაშინ თქვა, დავურეკავ პოლიციას, თავს მაინც დავიზღვევო" - ამბობს გიორგი შარიფაშვილი.

პოლიციამ პაციენტის ისტორია საავადმყოფოდან უკვე წაიღო და მოკვლევას აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შეტყობინება სავადმყოფოდან შემოვიდა. საქმეზე გამოძიება 125 მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემის ფაქტს გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები