ახალი ამბები
ქვესადგური „ქსანის“ რეაბილიტაცია დასრულდა
ქვესადგური „ქსანის“ რეაბილიტაცია დასრულდა.

საზეიმო ცერემონიას ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე და „აზიის განვითარების ბანკის“ წარმომადგენელი Yesim Elhan-Kayalar, დაესწრნენ.

პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდა აღმოსავლეთ საქართველოს, განსაკუთრებით თბილისის და შიდა ქართლის ელექტროენერგიით მომარაგების გაუმჯობესება.

კერძოდ, გაიზარდა საქართველოს ენერგოსისტემის, მაღალი ძაბვის ქსელის საიმედოობა და სტაბილურობა. ხელი შეეწყო ელექტროენერგიის ექსპორტსა და იმპორტს.

სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ქვესადგური „ქსანი“ უახლესი ტექნოლოგიების მქონე მართვისა და დაცვის სისტემებით აღიჭურვა, რამაც შესაძლებელი გახადა ქვესადგურში მიმდინარე პროცესების ცენტრალური სადისპეტჩეროდან მართვა.

ავარიის შემთხვევაში, დაზიანებული კერის აღმოფხვრა მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის შეზღუდვის გარეშეა შესაძლებელი.

„დღეს კიდევ ერთი დიდი დღეა საქართველოს ენერგეტიკის დიდ გზაზე! ეს ქვესადგური არის კიდევ ერთი ნაბიჯი საერთო ევროპული ენერგეტიკული ოჯახის სრულ უფლებიანი წევრობისკენ, ენეგოდამოუკიდებლობისკენ. განვითარებული და ძლიერი ენერგოსექტორი ეს ხომ საწინდარია საქართველოს კეთილდღეობის, საქართველოს განვითარებული ეკონომიკის და მაჩვენებელია, რომ ჩვენი სახელმწიფო შედგა, ძლიერია და მნიშვნელოვანი! ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაძლევს საშუალებას და გვაკისრებს ვალდებულებასაც, რომ საქართველო იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო პროექტების მონაწილე. სწორედ, „ელექტროენერგიის გადაცემის რეგიონალური ქსელის გაფართოების პროექტი“ - ს ფარგლებში განხორციელდა ქვესადგური „ქსანის“ რეაბილიტაციის 10 მილიონ ევროიანი პროექტი.” - განაცხადა კახა კალაძემ.

"საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ „ელექტროენერგიის გადაცემის რეგიონალური ქსელის გაფართოების პროექტი“-ს ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი, ქვესადგურის „ქსანი-500/220/110 კვ“ სრული რეაბილიტაციის პროექტი დაასრულა.

პროექტი "აზიის განვითარების ბანკის" (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 9,9 მლნ ევრო შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები კომპანიამ Siemens Austria განახორციელა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები