ახალი ამბები
ტყვიავის საზოგადოებრივი ცენტრი 21 სოფლის მოსახლეობას მოემსახურება
დღეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. საქართველოში ის რიგით 36-ეა.

ცენტრი სოფლების − ფლავისმანის, მარანას, ფლავის, ტირძნისის, ბროწლეთის, ერგნეთის, თერგვისის, მეღვრიკისის, მერეთის, კარბის, ქერეს, ზარდიაანთკარის, გუგუტიაანთკარი, კოშკას, დიცის, ქორდის, არბოს, ძევერას, სათემოს, ქიწნისისა და შერთულის − 20 000-მდე მცხოვრებს მოემსახურება.

ტყვიავის საზოგადოებრივი ცენტრი რიგით მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრია, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარეობს. მეჯვრისხევში, ორსანტიასა და რუხში უკვე მოქმედებს საზოგადოებრივი ცენტრები.

,,განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სერვისები შეუფერხებლად მიეწოდებოდეთ კონფლიქტით დაზარალებულ მოქალაქეებს. ცენტრი მოსახლეობას დროისა და თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს: ადგილობრივები სოფლიდან გაუსვლელად მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის, ქორწინების რეგისტრაციას და სხვა." - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ახლად გახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდა.

ტყვიავის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ამ სოფელში არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც გახდება ხელმისაწვდომი, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემს. სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები.



Print

სტატიის გამოყენების პირობები