ახალი ამბები
გორში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ალასანიამ ვეტერანებისთვის გათვალისწინებულ ინიციატივებზე ისაუბრა
,,თავისუფალი დემოკრატები“ მოვუწოდებთ პოლიტიკურ ოპონენტებს წინასაარჩევნოდ მაინც გაიხსენონ ვეტერანები და დაუყოვნებლივ წარმოადგინონ მათთვის ღირსეული პროგრამა", - ამის შესახებ 8 სექტემბერს, გორში ირაკლი ალასანიამ ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრ ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვეტერანთა შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლის განხორციელებას 8 ოქტომბრის არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ გეგმავს. 

“თავისუფალი დემოკრატები” იღებს ვალდებულებას, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნება ვეტერანების საქმეების პოლიტიკის განმსაზღვრავი მუდმივმოქმედი კომიტეტი ან ქვეკომიტეტი.

ასევე, განხორციელდება ომის ვეტერანთა სოციალური პრობლემების დარეგულირება. აღადგენენ და გაზრდიან კომუნალურ სუბსიდიას ვეტერანებისათვის 22 ლარის ნაცვლად 50 ლარამდე თვეში.

შ.შ.მ.პ პირებისათვის ( შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი) 44 ლარის ნაცვლად 90 ლარამდე (აქ საუბარია ომში მიღებულ ტრამვებიდან გამომდინარე დაინვალიდებულ პირებზე).

ქალაქისა და რაიონის შიდა მარშუტებზე ( სამარშუტო ტაქსები, მეტრო, ავტობუსები) მგზავრობა იქნება უფასო. (დღეს თბილისში, სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის ნახევარს იხდის მერია (მხოლოდ თბილისში)),

გაორმაგდება საგადასახადო კოდექსით ვეტერანებისათვის განსაზღვრული 3000 ლარიანი დაუბეგრავი მინიმუმის ზღვარი და გახდება 6000 ლარი წელიწადში. აღნიშნული შეღავათი გავრცელდება ავღანეთისა და სხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო პირებზე; შ.შ.მ.პ. პირებისათვის განისაზღვრება 9 000 ლარი წელიწადში.

სასოფლო სამეურნეო პროგრამების განსახორციელებლად, ვეტერანებს მრავალწლიანი იჯარით გადაეცემა სასოფლო სამეურნეო მიწები სიმბოლურ ფასად.

შ.შ.მ.პ პირების და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა შვილებისათვის უმაღლეს სასწავლებელში და მაგისტრატურაში სწავლება უფასო.

ვეტერანთა შვილებისათვის მაგისტრატურაში სწავლება უფასო (სახელმწიფო ხარჯებით).

განხორციელდება ვეტერანთა ჰოსპოტალის სრული რეაბილიტაცია და აღჭურვა. დასავლეთ საქართველოში გაიხსნება მეორე ჰოსპიტალი. შეიქმნება სარეაბილიტაციო ცენტრები.

ვეტერანთა ჰოსპიტალებთან აღდგება შ.შ.მ.პ.-ს დამდგენი კომისიის მუშაობა.

გარდაცვალებისას სამხედრო წესით დასაფლავება.

ვეტერანები განთავისუფლდებიან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

შეიქმნება ვეტერანთა საძმო სასაფლაო (აშშ-ს არლინგტონის სასაფლაოს მსგავსად)

სამხედრო პენსიონერებისთვის  სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა განისაზღვრება სრული მოცულობით სამხედრო სამსახურის ზღვრული ასაკის მიღწევისთანავე.

კანონი სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის და მასზე თანდართული განმარტებითი ბარათის შესაბამისად, 65 წლის ასაკამდე სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურეს ენიშნება სრული კომპენსაციის 80%, მაშინ როდესაც “სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონის 35-ე მუხლი განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს (კატეგორიების მიხედვით), რომელიც 65 წელზე ბევრად ნაკლებია.

,,ირაკლი ალასანიას არა ერთი ნაბიჯი გადაუდგამს ვეტერანების პრობლემების გადაჭრის მიმართულებით, ამის ნათელი მაგალითია მისი მინისტრობის დროს განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმა. შეუძლებელია დავივიწყოთ ირაკლი ალასანიას მინისტრობისას ომში დაღუპული მეომრების ოჯახებისთვის ყოველთვიურად 1000 ლარიანი კომპენსაციის დანიშვნა. ამას აქვს კანონის ძალა და ვერ შეცვლის ვერც ერთი ხელისუფლება“, - განაცხადა ვახტანგ მაჭავარიანმა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები