ახალი ამბები
გორის რაიონის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელებისთვის ადგილები აღარ დარჩა
გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში აღსაზრდელებისთვის ადგილები აღარ დარჩა.

ამის გამო, უკმაყოფილო მშობლები ,,ბაღების გაერთიანებას" გორში მიმართავენ.

,,ბაღების გაერთიანებაში" მათ განუცხადეს, რომ სააღმზრდელობლო დაწესებულების მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის სარეზერვო ჯგუფები 1 ოქტომბრიდან შეიქმნება.

საქმე იმაშია, რომ 2016 წლის 20 აგვისტომდე საბავშვო ბაღებში მიღების მსურველებს განაცხადები უნდა წარედგინათ.

მეჯვრისხევში, ტირძნისში, კარალეთსა და კიდევ რამდენიმე სოფელში განაცხადების რაოდენობა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ადგილები იყო.

კარალეთსა და მეჯვრისხევში ბაღის მიღმა სოციალურად დაუცველები დარჩნენ. ბავშვების მშობლები აცხადებენ, რომ რეგისტრაცია დათქმულ დროს ვერ გაიარეს, რადგან არასწორი ინფორმაცია ბაღების გამგეებისგან მიიღეს.

,,ჩვენ ესე ვიცოდით, რომ რეგისტრაცია 10 სექტემბრამდე უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში კი, 20 აგვისტომდე ყოფილა." - ამბობენ მშობლები და განმარტავენ, რომ ბაღების გამგეებმა მხოლოდ იმ ბავშვებისთვის იზრუნეს, ვინც მათი ნათესავი ან ახლობელია.

,,ბაღების გაერთიანების" სპეციალისტი ნათია გაზაშვილი აცხადებს, რომ საორგანიზაციო საკითხების კუთხით ბაღების დირექტორებთან პრეტენზიები უსაფუძვლოა.

,,საბუთების მიღებასთან დაკავშირებით განცხადებები ყველა სოფელში იყო გამოკრული, ყველა მშობელმა იცოდა, თუ როდის უნდა წარმოედგინათ სარეგისტრაციო საბუთები, შესაბამისად, პრეტენზციები საფუძველს მოკლებულია" - აცხადებენ ბაღების გაერთიანებაში.

როგორც ირკვევა, თუკი 20 აგვისტომდე ყველა ბავშვი რეგისტრაციას გაივლიდა, ზემოჩამოთვლილ საბავშვო ბაღები გარკვეულ ნაწილს ვერ მიიღებდა.

მეჯვრისხევში საბავშვო ბაღში ერთი ჯგუფი უახლოეს პერიოდში დაემატება, რადგან საჭირო ინვენტარია შესაძენი. ჯერჯერობით ტენდერი გამოცხადებული არაა. რაც შეეხება კარალეთს, აქ მეორე საბავშვო ბაღი რემონტდება და, როგორც გვითხრეს, ნოემბრამდე მისი რეაბილიტაცია უნდა დასრულდეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები