ახალი ამბები
საარჩევნო სტენდები ოქრუაშვილის პლაკატებით გადაივსო
პატრიოტთა ალიანსი და მერია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს საარჩევნო ძალადობაში ადანაშაულებს.

,,პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ამავე დროს, ადვოკატი მამუკა ნოზაძე ასევე დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი ოქრუაშვილს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ მამუკა ნოზაძემ ჟურნალისტებთან სპეციალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ძალადობრივ ქმედებაზე ადეკვატური რეაგირება უნდა განახორციელოს და ზედამხედველობის სამასხურს კანონით გათვალისწინებული ნორმების განხორციელებისკენ მოუწოდა.

ოქრუაშვილის დავალებით, ყველა სტენდი, რომელიც საარჩევნოდ საკრებულოს დადგენილებით გამოიყო, ოქრუაშვილის პლაკატებით გადაივსო.

ფაქტს ქალაქ გორის მერია გამოეხმაურა და მერის მრჩეველმა შალვა ტლაშაძემ სპეციალური ბრიფინგიც გამართა.

შალვა ტლაშაძის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას გაფრთხილების წერილი გაეგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ 2016 წლის 16 სექტემბრამდე ოქრუაშვილმა საარჩევნო სტენდები ზედმეტი პლაკატებისგან გაათავისუფლოს.

,,წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით გათვალისწინებული ნორმები, რაც ითვალისწინებს, როგორც ჯარიმას, ასევე, სხვა სახდელებს, ეს სასამართლოს გადასაწყვეტია" - განაცხადა ტლაშაძემ.

,,მაგათ კანდიდატებს დიდი თავები აქვთ და მაინც ვერ დაეტევა, შეუძლიათ, განათების ბოძებზე და კომბინატის დასახლებაში გააკრან" - განაცხადა ,,ქართული პარტიის'' წარმომადგენელმა ლერი ლაფაჩმა.

ოქრუაშვილმა პლაკატებით ის უბნები აითვისა, სადაც გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. კომბინატის დასახლებაში ოქრუაშვილის კანდიდატმა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გაიმარჯვა.

გაათავისუფლებს თუ არა ზედმეტი პლაკატებისგან ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ოქრუაშვილი ავტობუსების გაჩერებებს, ეს 16 სექტემბრის საღამოს გაირკვევა.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები