ახალი ამბები
გვიან ღამით ,,ბაღების გაერთიანებაში" თემურ ხუბულურის ბროშურები შეიტანეს
გვიან ღამით ,,ბაღების გაერთიანების" შენობაში ,,ქართული ოცნების" კანდიდატის თემურ ხუბულურის ბროშურები შეიტანეს.

სახელმწიფო დაწესებულება გაერთიანების ხელმძღვანელმა და რამდენიმე თანამშრომელმა ღამის პირველის ნახევარზე დატოვა.

ტრანსპორტი, რომლითაც შენობაში ბროშურები მიიტანეს, 20 მეტრის მოშორებით ,,ქართული ოცნების" ოფისთან გადაიყვანეს.

,,ოცნების" ოფისში საარჩევნო მასალის დაცლა ისევ ,,ბაღების გაერთიანების" თანამშრომლები ახორციელებდნენ.

ფაქტის შესახებ ,,112-ს" თვითმხილველმა შეატყობინა, რადგან ,,ბაღების გაერთიანების" თანამშრომლებმა შენობა სასწრაფოდ დატოვეს. საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური დეტექტივების გამოძახება უშედეგო აღმოჩნდა.

,,დაკეტილი კარებია, შიგნით ვერ შევალთ" - გვითხრა პატრულის განყოფილების უფროსმა ილია ბაბუციძემ. მასალები გორის შს სამმართველოს თანამშრომლებს რეაგირებისთვის გადასცეს.

დაახლოებით ღამის 3 საათზე გორის შს სამმართველოს უფროსის მოადგილემ ზარის ინიციატორს განუცხადა, რომ ,,ბაღების გაერთიანების" დირექტორს ვერ პოულობენ.

მომდევნო დღის 3 საათზე ,,ბაღების გაერთიანების" დირექტორმა გიორგი გელაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციას სამუშაო დროის დაწყებამდე შენობა არ დაუთვალიერებია. ჩვენს კითხვაზე, თუ რას აკეთებდნენ შუაღამეს სამსახურში, გვიპასუხა, რომ ბაღების თაობაზე მუშაობდნენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები