ახალი ამბები
საარჩევნოდ პოლიციელთა გადამზადება მიმდინარეობს
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, პოლიციელთა გადამზადება მიმდინარეობს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ტრენინგებს სახელწოდებით - ,,უსაფრთხო და თავისუფალი არჩევნები 2016" - შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის სპეციალური ბრძანების საფუძველზე იურიდიული დეპარტამენტის იურისტები ატარებენ.

ტრენინგების მიზანია, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, სამართალდამცველების ინფორმირება არჩევნების დღეს მათი უფლება-მოვალეობებისა და არჩევნების პროცესში მონაწილე პირებთან ურთიერთობების მიმართულებით.

აჭარაში, ქალაქ ბათუმში, პოლიციელთა წინასაარჩევნო გადამზადებას, ცესკო-ს სწავლების ცენტრის წარმომადგენელი, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), საერთაშოროსი რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), ეუთო-ს, საია-ს ანალიტიკოსები და დამკვირვებლები დაესწრნენ.

სწავლებაზე არჩევნების უსაფრთხოების კონტექსტში განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები, როგორც საარჩევნო კოდექსიდან და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან, ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემული ახალი ბრძანებიდან.

სწავლება უკვე გაიარეს მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები