ახალი ამბები
რა ხდებოდა კასპის რაიონში რეპრესიების დროს
,,მიმდინარე წელს აგრონომმა ცინცაძემ იდლეთში, ჩოჩეთში და სხვა კოლმეურნეობებში, სიმინდის, 6 მწკრივიანი თესვის ნაცვლად, ჩაატარა შვიდ მწკრივიანი სათესით, რის გამოც შეუძლებელი შეიქნა კულტივაციის" - ეს არის ამონარიდი 1937 წელს გამოქვეყნებულ კასპის ადგილობრივ გაზეთიდან ,,კომუნიზმისკენ", რომლის მტკიცებით რაიონში ,,ფაშისტების აგენტები გამომჟღავნებულია".

ამავე გაზეთის მტკიცებით, აგრონომმა ცინცაძემ ვინმე კირვალიძესთან ერთად, ,,შემოიკრიბა თავისიანები ცქიტიშვილი, საყვარელიძე, ავალიშვილი, აფერისტი ბადრიძე და სხვები", რომლებმაც სიმინდის გეგმა 52%-მდე ჩააგდეს.

7 მწკრივიანი სიმინდის დათესვის გამო, ე.წ. მავნებლების ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი გადაასახლეს. 

კითხულობ კასპის სკოლა-გიმნაზიის სარდაფში გახსნილ რეპრესირებულთა მუზეუმში გამოფენილ ჩანაწერებს, დახვრეტის ოქმებს, ცალმხრივ ბრალდებებს და თვალწინ სოფლებში გაჩაღებული დასმენები და, პირადი ანგარიშსწორების მიზნით, განადგურებული ოჯახები ტრიალებს.

კოლმეურნე ავალიშვილს დააბრალეს ის ფაქტი, რომ თითქოს ტრაქტორები ისე შეაკეთა, დანაკარგები გამოიწვია. მაგალითად, 1936 წელს 768 ჰა ჭარხლის პლანტაციაზე ორჯერ ზედიზედ ჩატარებულ კულტივაციას მოსავლის შემცირება გამოუწვევია. ამ მასალებში, მხოლოდ, ერთი მხარე ჩანს - შინსახკომი (თანამედროვე შსს).

გაზეთის ერთერთ ნომერში წერია, რომ ტროცკისტებმა ვინმე კევლიშვილმა და ქებაძემ დანაშაულებრივ საქმიანობაში კასპის რაიკომის ყოფილი მდივანი მ. ბეგიაშვილი და პოლიტსწავლების განყოფილების უფროსი გ. სიამაშვილი ჩაითრიეს.

ვიდრე სკოლა-გიმნაზიის ხელმძღვანელი ნინო ნიპარიშვილი მუზეუმის გახსნაზე მიწვეულ სტუმრებს ძველ მასალებს ათვალიერებდა, ამ ამბის ბოლომდე წაკითხვა გადავწყვიტე.

თურმე იგოეთის კოლმეურნეობაში, რაიკომის მდივნის და პოლიტსწავლების გამგის უყურადღებობით, პოლიტსკოლის პროპაგანდისტი სამუშაოდ არ მიუვლინებიათ.

სოფელ სამთავისში პროპაგანდისტ ნ. ხატისკაცს არ სცოდნია, თუ რომელი ტიპის პოლიტსკოლას ამეცადინებს. არა და, ხატისკაცს უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული ჰქონია. მაგრამ, შინსახკომი მას ბრალს დებდა იმაში, რომ თურმე რაიკომის მდივანს მისთვის ინსტრუქტაჟი არ მიუცია. იქვე ვკითხულობთ: ,,ხალხის მტრები ბეგიაშვილი და სიამაშვილი მითითებებს არ აძლევდნენ, რომ მას კონსპექტი შეედგინა"

ვაგრძელებ კითხვას. ჩემს უკან ახალგაზრდები წარადგინა სკოლა-გიმნაზიის ხელმძღვანელმა. ამ მოსწავლეების წვლილი დიდია 30-იანი წლების მასალების გამოქვეყნებაში, მუზეუმის მოწესრიგებაში. 80 წლის წინანდელ გაზეთში კი, მათი თანატოლების ისტორიებს ვათვალიერებ.

მაგალითად, რაიონის პიონერთა მაშინდელი ხელმძღვანელი ნ. თარხნიშვილი თურმე უფრო ბევრს ლაპარაკობდა, ვიდრე მუშაობდა: ,,რაიკომის მდივნისა და პოლიტსწავლების გამგის ხელმძღვანელის ლაქუცა და მლიქვნელი თარხნიშვილი იშვიათი სტუმარი იყო პიონერულ ორგანიზაციებში...ნ. თარხნიშვილი ტროცკისტული ლაყბობისთვის გაირიცხა ორგანიზაციიდან, მაგრამ პირად ბარათში წაშლილია, რომ იგი გარიცხული იყო".

ჩავდივარ სტატიის ბოლოს და გავიგე, რომ კომკავშირული ორგანიზაციის წევრი ყოფილა რაიოკომის მდივნის მეუღლე, ნინო ზაალიშვილი. კომკავშირულ კრებაზე კომკავშირელი ნ. შალუტაშვილი აცხადებს: ,,მე ვიცოდი, რომ ნინო ზაალიშვილი არ იყო კომკავშირული ტიპი, მას თავი მოჰქონდა იმით, რომ ყოფილი თავადი იყო, მაგრამ ამის გაცხადების შემეშინდა, რადგანაც ნინო ზაალიშვილი ბეგიაშვილის ცოლი იყო".

ჩემს უკან სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ტაშით დააჯილდოვეს იმ შრომისთვის, რაც მათ გასწიეს მუზეუმისთვის. ბავშვები ამბობდნენ, რომ ტრაგიკულ ისტორიებს წაიკითხავს დამთვალიერებელი, რაშიც პირადად დავრწმუნდი. დამთვალიერებლებს პირადად გაუწევენ გიდობას.

გაზეთებს და ოქმებს ( დახვრეტის და გადასახლებების ოქმებს) ტელეფონით ფოტოები გადავუღე და მათი კითხვა რედაქციაში გავაგრძელე.

მუზეუმი იმ სარდაფში გაიხსნა, სადაც კომუნისტების პერიოდში პატიმრებს აწამებდნენ. შენობა ათეულები წლის წინ პოლიციას ეკუთვნოდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები