ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილის აზრით, სტალინის ძეგლი მუზეუმის ფარგლებში უნდა იყოს
“ადგილობრივებს სიამაყე რომ აქვთ, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო, ამას ნუ წავართმევთ და ნუ გავაღიზიანებთ“,-ასე უპასუხა ბიძინა ივანიშვილმა “ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის შეკითხვას თავისუფლების ქარტიის ამოქმედების და გორში სტალინის ქუჩის სახელის გადარქმევის შესახებ.

როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სტალინის ძეგლი მუზეუმის ფარგლებში რომ იყოს, ნორმალურია.

“სტალინი ვისაც უყვარს, ეს ხალხი სტალინში ფაშიზმის დამარცხების სიმბოლოს ხედავს. გივი ბერიკაშვილის მონაყოლი ანეკდოტი გამახსენდა: კონკურსი ჩატარდა სტალინზე, ვინ უფრო მაგრად შეაფასებდა სტალინს, კონკურსი მოიგო კახელმა. დაბრუნდა სოფელში და ეკითხებიან რა თქვი ასეთი სტალინზეო. რა ვთქვიო და როგორც ნახევრად სავსე ტიკი ისე აჭანჭყარებდა მთელ მსოფლიოს 20-30 წლის განმავლობაშიო.

ყოფილი პრემიერის თქმით, კომუნიზმის და სოციალიზმის იდეა მცდარი იყო და მას უამრავი ადამიანი შეეწირა.

„ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს ნებისმიერი იდეა და ამას ხალხი არ უნდა შეეწიროს. იმდენი ხალხი დაიხოცა, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. თვითონ სოციალიზმის, კომუნიზმის იდეა საუბედუროდ იყო მცდარი და მას ეწირებოდა ამდენი ხალხი. კრიმინალური იდეაა ეს. მარქსიზმის თანასწორობა ყველა ქვეყანამ უარყო და ცუდი გამოვლინება ჰპოვა, მათ შორის საბჭოთა კავშირში. მარქსიზმი კარგი ფილოსოფოსი იყო, მაგრამ მე არ ვეხები მის მიმდევრობას, თეორიაშივე დანაშაული იდო, რომ ადამიანს საკუთრების უფლებას ართმევდნენ და კიდევ უამრავი სხვა სიმახინჯეები იყო ჩადებული“,-განაცხადა ივანიშვილმა და განმარტა, რომ თავისუფლების ქარტიის შესახებ კანონი მან ცუდად იცის, თუმცა კარგად იცის “ქართული ოცნების“ მიდგომები, რომელიც ევროპულია.

“ჩვენ თუ გვინდა ევროპულობა, ადამიანის თავისუფლებასთან რაც არის ევროპული, ყველაფერი უნდა გავითავისოთ. ეს ევროპის გარეშეც გვაქვს. ჩვენ გვყავდა ვაჟა , უფრო ადრე რუსთაველი. ჩვენ ისტორიულად ვართ ევროპელები და ადგილს ევროპული ქვეყნების გვერდით დავიკავებთ. „ქართულ ოცნებას“ აქვს სტრატეგია, კანონი, რომელიც მე ცუდად ვიცი, არაფერი არ იცვლება“,-განაცხადა ივანიშვილმა შეკითხვაზე "ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში თავისუფლების ქარტიის იმპლემენტაციას მოახდენს თუ არა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები