ახალი ამბები
ოქრუაშვილის დაცვის წევრი და აქტივისტი ხელ-ფეხში არიან დაჭრილები
გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში, ატენის ქუჩის დასაწყისში, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრებსა და ადგილობრივ მცხოვრებ ორ პირს შორის შელაპარაკება მოხდა, რომელიც სროლაში გადაიზარდა.

შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი უბნის მცხოვრებლებთან წინასაარჩევნო კამპანიას ახორციელებდა.

შეხვედრაზე სადგურის დასახლებაში მცხოვრებნი ალექსანდრე ინდუაშვილი და ედუარდ ნუცუბიძე მივიდნენ და ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს წარსული შეახსენეს. ოქრუაშვილის დაცვის წევრებმა ტერიტორიიდან მათი გაყვანა სცადეს.

დაპირისპირებას სროლა მოჰყვა, რომლის ხმაც უბანში ყველამ გაიგო. სასწრაფო სამედიცინო ცენტრში განაცხადეს, რომ ბრიგადა არ გამოუძახებიათ, რადგან დაჭრილები ჰოსპიტალში ოქრუაშვილის მანქანით გადაიყვანეს.

სისხლის კვალი სისხლის კვალი ატენისა და კეცხოველის ქუჩების გადაკვეთაზე პოლიციელებმა ვერ დააფიქსირეს. საწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გვითხრეს, რომ დაშავებულებს ჭრილობა ხელზე და ფეხში აქვთ.

პოლიციამ თვითმხილველი ქალბატონები დასაკითხად სამმართველოში გადაიყვანა. შემთხვევის ადგილიდან კი, ჯერჯერობით ტყვიის ერთი მასრაა ამოღებული.

უცნობია, დააკავეს თუ არა ალექსანდრე ინდუაშვილი და მოქალაქე ედუარდ ნუცუბიძე. მაჟორიტარი კანდიდატის მტკიცებით, ეს უკანასკნელი პოლიტიკური პარტიის ,,ქართული ოცნების" აქტივისტია. ალექსანდრე ინდუაშვილი კი წარსულში ნასამართლევი.

ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მთელი დღის განმავლობაში ,,ოცნების" აქტივისტები დასდევდნენ და ცდილობდნენ მისი შეხვედრების ჩაშლას.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის უფასო პროდუქტები უნდა დაერიგებინათ, რის დაფიქსირებასაც ,,ოცნების" აქტივისტები აპირებდნენ.

რამდენად კავშირშია ეს ორი ფაქტი სადგურის დასახლებაში მომხდარ სროლასთან, ამას გამოძიება დაადგენს.

რაც შეეხება ალექსანდრე ინდუაშვილს (ზედმეტსახელად ხამსა), ის ის რამდენჯერმეა დაკავებული, მათ შორის, იმ პერიოდში, როდესაც ოქრუაშვილის გუნდის წევრი რეზო კლდიაშვილი რეგიონის კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელი იყო. ბოლოს სასამართლოში ის 2014 წელს იყო წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, (სხეულის განზრახ დაზიანება).

ატენისა და კეცხოველის ქუჩის მცხოვრებნი ადასტურებენ, რომ სროლას ჰქონდა ადგილი, თუმცა, ისინი შეხვედრაზე არ ყოფილან და დეტალები არ იციან. თვითმხილველები კი, პოლიციამ დაკითხვაზე წაიყვანა.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები