ახალი ამბები
ორი გასროლა, ორი დაჭრილი - პოლიციამ ეჭვმიტანილი დაადგინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვისა და კოორდინატორის დაჭრის ფაქტზე ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია.

სადგურის დასახლებაში მცხოვრები ალექსანდრე ინდუაშვილი (ზედმეტსახელად ხამსა) ორი მუხლით, 117-ე (სხეულის განზრახ დაზიანება) და 263-ე მუხლებითაა (იარაღის ტარება) ეჭვმიტანილი. დაიკითხა თითქმის ყველა ის პირი, ვინც 2 ოქტომბერს სროლის ფაქტს შეესწრო.

საღამოს საათებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ატენის ქუჩის მცხოვრებლებთან წინასაარჩევნო შეხვედრას ატარებდა. შეკრებაზე ალექსანდრე ინდუაშვილი თანხმლებ პირთან ერთად მივიდა. ინდუაშვილმა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ოქრუაშვილს წარსული შეახსენა.

შელაპარაკების შემდეგ სროლა ატყდა. ატენის ქუჩის დასაწყისში მცხოვრებლები ამბობენ, რომ გასროლის ხმა ორჯერ იყო. დაჭრილია დაცვის წევრი კობა კოშაძე და კოორდინატორი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილებმა დაზიანებები ქვედა და ზედა კიდურებზე მიიღეს.





Print

სტატიის გამოყენების პირობები