ახალი ამბები
მეჯვრისხევში სოფლის დეპუტატი დაჭრეს
სუფრაზე მეჯვრისხევის ადმინისტრაციული თემის მაჟორიტარი წარმომადგენელი საკრებულოში ლექსო ბუჯიაშვილი და კიდევ ერთი პიროვნება დაჭრეს.

ორივე მათგანი წუხელ ,,გორმედის" საავადმყოფოში მიიყვანეს.

საავადმყოფოს დირექტორის, გიორგი სვანიძის თქმით, 2 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ორი პაციენტი მიიღეს.

,,ერთერთ პაციენტს მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა, რის გამოც საჭირო გახდა ოპერაციული ჩარევა." - გვითხრა საავადმყოფოს ხელმძღვანელმა. ლექსო ბუჯიაშვილი ამ ეტაპზე საავადმყოფოშია და მკურნალობას აგრძელებს.

მეორე პაციენტი, რომლის ვინაობაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის უცნობია, სამედიცინო დახმარების აღმოჩენისთანავე საავადმყოფოდან გაწერეს.

პარტია ,,ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" გორის მაჟორიტარობის კანდიდატის შოთა წკრიალაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან ამბობს, რომ ინციდენტის მთავარი მონაწილე გამგებლის წარმომადგენელი დიმიტრი თოდაძეა. გორის საკრებულოს დეპუტატს ლექსო ბუჯიაშვილს და მის მეგობარს სუფრაზე შელაპარაკება სწორედ მათთან მოუვიდა.

დეპუტატიც და გამგებლის წარმომადგენელიც ,,ქართული ოცნების" წევრები არიან.

თოდაძე დღეს სამსახურში იმყოფებოდა. ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა ინციდენტის მონაწილე, გაღიზიანდა და სასამართლოში ჩივილით დაიმუქრა.

მეჯვრისხევში რამდენიმე პირმა გვითხრა, რომ სროლის ხმა შემოესმათ, თუმცა არ იციან გასროლის ხმა რომელი მხრიდან გაიგეს. შს სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები