ახალი ამბები
რა მოხდა ატენის ქუჩაზე - თვითმხილველის ნაამბობი
გორში, სადგურის დასახლებაში, ატენის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

თვითმხილველის ინფორმაციით, იარაღის სროლამდე ალექსანდრე ინდუაშვილი (,,ხამსა") ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრებმა სცემეს.

შემთხვევა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრის დროს მოხდა.

ყოფილი შს მინისტრი ამომრჩევლებს შეხვდა და, როგორც გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მათთან სამომავლო გეგმების თაობაზე აპირებდა საუბარს.

,,შეხვედრაზე ,,ხამსა" მოვიდა და ოქრუაშვილს ჰკითხა, რატომ დამიჭირეო? მოვალ ხელისუფლებაში და კიდევ დაგიჭერო, უპასუხა ოქრუაშვილმა. შენ ხელისუფლებაში ვეღარ მოხვალ და ვინც შენ ხმა მოგცეს, იმის დედაო. დაცვის წევრებმა ცემით გაიყვანეს და იმ მანქანაში ჩატენვა სცადეს, რითიც მოვიდა. ,,ხამსა" უყვიროდა, ხელი არ დამადოთ, თორემ ცუდი ამბავი დატრიალდებაო. მანქანიდან იარაღი ამოიღო თუ თან ჰქონდა, ვერ დავინახე. იარაღი იმ დაცვის ბიჭებს ესროლა" - გვიყვება თვითმხილველი.

ჯერჯერობით, ამ ინფორმაციის გადამოწმება პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებებთან ჭირს. წინასწარი გამოძიების მასალები უცნობია. ის მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც ალექსანდრე ინდუაშვილს დააკავებენ და სასამართლოს წინაშე წარადგენენ.

ოქრუაშვილის განცხადებით, ,,ხამსამ" იარაღი როგორც მისი მიმართულებით, ასევე, დაცვის წევრების მიმართულებით ისროლა.

ალექსანდრე ინდუაშვილი 2004 წლის დეკემბერში იმ დროს დააკავეს, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი გუბერნატორი იყო. კრიმინალთან ბრძოლის სახელით ცნობილი ოქრუაშვილი ცოტა ხანში შს მინისტრად დაინიშნა. იმ პერიოდს რეგიონის პოლიციას ალეკო სუხიტაშვილი ხელმძღვანელობდა. რეგიონის კრიმინალურ პოლიციას კი, აჩიკო იმერლიშვილი, გორის კრიმინალურ პოლიციას - რეზო კლდიაშვილი.

ამჟამად, გორის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი ჯაბა იმერლიშვილია (ყოფილი კრიმინალური პოლიციის უფროსის ძმა), ხოლო რეზო კლდიაშვილი ,,ქართული პარტიის" წევრი. ეს უკანასკნელი პოლიტპატიმრის სტატუსით სარგებლობს, როგორც ოქრუაშვილის გუნდის წევრი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები