ახალი ამბები
იუსტიციის სახლში მოქალაქეს საგადასახადო დავალიანების ცნობის აღება შეუძლია
ამიერიდან, იუსტიციის სახლის 400-ზე მეტ სერვისთან ერთად მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი იქნება შემოსავლების სამსახურის ცნობა საბანკო ანგარიშების თაობაზე და ცნობა საგადასახადო დავალიანების თაობაზე. უკვე დღეიდან, სერვისი, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება ხელმისაწვდომი.

პრეს-სამსახურის ცნობით, უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა სერვისების დანერგვის თაობაზე, რაც საშუალებას იძლევა, რომ დროის გარკვეულ პერიოდში შემოსავლების სამსხურის სერვისები იუსტიციის სახლებში გაცილებით ფართო სპექტრით იყოს წარმოდგენილი.

ცნობების - საბანკო ანგარიშებისა და საგადასახადო დავალიანების თაობაზე მიღება, რეგიონიდან და ქალაქიდან გაუსვლელად შეეძლებათ, რაც დროსა და ფინანსების დაზოგვის და მომსახურების უფრო კომფორტულად და სწრაფად მიღების საშუალებას მისცემთ.

მომსახურება იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელად არიან რეგისტრირებული.

სერვისებზე განაცხადების მიღებას და მომზადებული ცნობების მომხმარებლებისთვის მიწოდებას იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში (გარდა მესტიის იუსტიციის სახლისა) სწრაფი მომსახურების სივრცის ოპერატორები განახორციელებენ. აღნიშნული სერვისები ათ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა, ხოლო ცნობების დაჩქარებული წესით მიღების მსურველებს საშუალება ექნებათ სერვისი სამ სამუშაო დღეში ათი ლარის, ხოლო განაცხადის წარდგენიდან ერთ სამუშაო დღეში 20 ლარის გადახდის სანაცვლოდ მიიღონ.

აღსანიშნავია ის, რომ პარტნიორ უწყებებს შორის ინტენსიური თანამშრომლობის საფუძველზე, იუსტიციის სახლებში მოკლე ხანში შემოსავლების სამსახურის კიდევ რამდენიმე სერვისი დაინერგება. ამასთან, სამომავლოდ ასევე იგეგმება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრებში იუსტიციის სამინისტროს ზოგიერთი სერვისის შეთავაზება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები