ახალი ამბები
კასპში მეორე ტური გაიმართება - მმართველი გუნდი აღაიანში, მიქელწყაროში და უფლისციხეში დამარცხდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო მონაცემებით კასპის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური გაიმართება.

ერთმანეთს ,,ქართული ოცნების" კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ნუგზარ ნონიაშვილი დაუპირისპირდებიან.

მაჟორიტარულ ოლქში, სადაც 30 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, მმართველი გუნდი 4 უბანზე დამარცხდა.

აქედან სამი უბანი მიქელწყაროში, აღაიანში და უფლისციხეში მდებარეობს, მეოთხე კი, - ქალაქ კასპში სააკაძის ქუჩაზე.

ირაკლი მეზურნიშვილი 45,66% (9 677 ამომრჩეველი)
ნუგზარ ნონიაშვილი 22,9 % ( 4 854 ამომრჩეველი)
გიორგი ქვრივიშვილი 13,66% (2 896 ამომრჩეველი)
ვაჟა ოთარაშვილი 8,71% (1 846 ამომრჩეველი)

მიქელწყაროში ,,ნაციონალების" წარმომადგენელმა ნუგზარ ნონიაშვილმა 190 ხმა, ხოლო ,,ოცნების" კანდიდატმა ირაკლი მეზურნიშვილმა 103 ხმა მიიღო.

აღაიანში ნუგზარ ნონიაშვილს 297-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, ხოლო ირაკლი მეზურნიშვილს 182-მა.

უფლისციხეში ნუგზარ ნონიაშვილს 136 ხმა, ხოლო ირაკლი მეზურნიშვილს 101 ხმა ერგო.

რაც შეეხება ქალაქ კასპს, აქ სააკაძის ქუჩაზე მმართველი გუნდი დამოუკიდებელ კანდიდატთან გიორგი ქვრივიშვილთან დამარცხა. ქვრივიშვილმა 223 ხმა, ხოლო ირაკლი მეზურნიშვილმა 167 ხმა მიიღო.

ჯამში, კასპის მაჟორიტარულ ოლქში 42559 ამომრჩეველია რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი 22207 ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო მაჩვენებლის 52.18 %-ია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები