ახალი ამბები
გორში მიტროპოლიტ თადეოზის ხსოვნის საპატივსაცემოდ ღონისძიება გაიმართება
12 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში მიტროპოლიტ თადეოზის ხსოვნის საპატივსაცემო ღონისძიება გაიმართება.

შეხვედრის ორგანიზატორია საქართველოს საპატრიარქო და მუნიციპალიტეტის გამგეობა.

უნივერსიტეტის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის, ანი იმნაძის ცნობით, ღონისძიების შემდეგ, მიტროპოლიტის შესახებ გადაღებულ ფილმს უჩვენებენ.

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი, მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზი 2015 წლის 19 იანვარს გარდაიცვალა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სიონის საპატრიარქო ტაძრის ეზოში დაკრძალეს.

მიტროპოლიტი თადეოზი, ერისკაცობაში მირიან გაიოზის ძე იორამაშვილი, დაიბადა 1946 წლის 12 ოქტომბერს გორის რაიონ სოფელ ფლავში.

1966 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლა.

1968-1973 წლებში სწავლობდა გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილო­ლოგიის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ 1973-1974 წლებში მუშაობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად გორის რაიონის სოფელ ქვეშის საშუალო სკოლაში.

1974-1977 წლებში სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში. სკოლის ახალგაზრდა პედაგოგის მცხეთის სასულიერო სემინარიაში წასვლა მტკივნეულად აღითქვა მაშინდელმა ხელისუფლებამ. "ახალგაზრდა კომუნისტმა" არაერთი წერილი მიუძღვნა ამ ფაქტს და მკაცრად გააკრიტიკა როგორც გორის ბარათაშვილის სახელობის ინტიტუტის ხელმ­ძღვანელობა, ასევე სოფლის სკოლის პედაგოგიური კოლექტივი, სადაც გაზეთის აზრით იდეოლოგიური მუშაობა არ იყო სათანადო დონეზე.

1977 წლის 2 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარე­სის დავით V-ის ლოცვა-კურთხევით ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა 31 წლის მირიან იორამაშვილი აღკვეცა ბერად და უწოდა სახელად თადეოზი.

1977 წლის 7 აპრილიდან დიაკონია, 1 მაისიდან - მღვდელმონაზონი, 1 ივნისიდან უწმიდესი დავით V-ის ლოცვა-კურთხევით დაინიშნა ალავერდის საკათედრო ტაძრის მღვდლად.­

1977 წლის 1 აგვისტოს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად­ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით გამორჩეულ იქნა ეპისკოპოსად. 2 აგვისტოს მოხდა მისი კურთხევა.

ეპისკოპოსი თადეოზი დაინიშნა ბოდბის ეპარქიის მმართველად, 1978 წლის 24 დეკემბრიდან გადმოყვანილ იქნა წილკნელად.

1979 წლის 20 სექტემბრიდან 1980 წლის 1 ოქტომბრამდე ეპისკოპოსი თადეოზი მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორია, 1981 წელს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში.

1979-1983 წლებში განაგებდა მანგლისის ეპარქიას, 1984-1993 წლებში აგარაკ-წალკის, 1993-1995 წლებში _ ცაგერისა და ლეჩხუმ-სვანეთის ეპარქიას, 1995-2003 წლებში _ ბოლნისისა და დმანისის ეპარქიებს, 2005 წლის აპრილიდან მთავარეპიკოპოსი თადეოზი თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველია, 2010 წლიდან მიტროპოლიტი, 2013 წლიდან 2015 წლამდე მარაბდელი მიტროპოლიტი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები