ახალი ამბები
დასაქმების მაძიებლებს ტრენინგები უტარდებათ
ინოვაციური მეთოდოლოგიით გამორჩეულ გორის მერიის დასაქმების პროგრამის ოც მონაწილეს ტრენინგები უტარდება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, დასაქმების პროგრამის სასწავლო კურსი 5 თვიანია და ითვალისწინებს პიროვნული და სოციალური უნარების განვითარებისთვის საჭირო ისეთი მოდულების სწავლებას, როგორიცაა ემოციის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების ხელოვნება, თვითპრეზენტაცია, დროის მენეჯმენტი და ა.შ.

პირველი სესია წინასწარ შერჩეული 20 მონაწილისთვის გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გუშინ გაიმართა.

სასწავლო კურსს მოწვეულ ექსპერტებთან ერთად უძღვება ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ წარმომადგენლი, დასაქმების პროგრამის მენეჯერი ლელა მაისურაძე.

ქალაქ გორის მერიაში მიიჩნევენ, რომ ინოვაციური მეთოდოლოგიით გამორჩეული დასაქმების პროგრამის დანერგვა მუნიციპალიტეტში სამსახურის მაძიებლებს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებაში.

დასაქმების პროგრამა Employment shuttle ესპანური ინოვაციური მეთოდოლოგიით შემუშავებული პროგრამაა, რომელიც ფასილიტაციის პრინციპებს ეფუძნება.

პროგრამა თავდაპირველად Vives Emplea –მიერ დაინერგა. მისი პილოტირება საქართველოში 2015-2016 წლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტ Life Georgia-ს ფარგლებში ACF - ის ხელმძღვანელობით წარმატებით განხორციელდა საქართველოს 3 ქალაქში: გორში, ზუგდიდსა და თბილისში. მიმდინარე წლის 1-ლი ოქტომბრიდან კი დასაქმების პროგრამას ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ ახორციელებს.

პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 32 000 ლარით ფინანსდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები