ახალი ამბები
გორის მერია წარმატებული აბიტურიენტების დაჯილდოებას აპირებს
ქალაქის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის ინიციატივით, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ყველაზე მაღალი რეიტინგის მიხედვით, სკოლის კურსდამთავრებულებს ფინანსურად წაახალისებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, წახალისება 100%-იანი შედეგის მქონე კურსდამთავრებულს შეეხება.

აღნიშნული აქცია განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

განათლების განყოფილების ხელმძღვანელის, ნინო ბერიანიძის თქმით, ინიციატივა მიმდინარე წლის კურსდამთავრებულების ორ კატეგორიას ეხება.

ესენია: ქალაქ გორში რეგისტრირებულ (ბოლო ორი წლის განმავლობაში) იმ კურსდამთავრებულებს, რომლებსაც მოუწიათ საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში (საჯარო ან კერძო სკოლაში) სწავლა, ასევე, ქალაქ გორის კერძო და საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებს, რომლებიც ზოგადი განათლების ბოლო, მე-3 საფეხურზე, სწავლობდნენ აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.

შესაბამისი საბუთების წარსადგენად დაინტერესებულმა პირებმა მერიის განათლების განყოფილებას უნდა მიმართონ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები