ახალი ამბები
ბნელეთის ეკლესიას რესტავრაცია ჭირდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრიდან 9 კმ მანძილზე მდებარე ბნელეთის ეკლესიას რესტავრაცია ჭირდება.

საკითხის შესწავლის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ორგანიზაცია ,,კულტურულ-მემკვიდრეობათა დაცვის ცენტრის" სპეციალისტები დაიქირავა.

ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბადრი გასპაროვს, რომელიც ამავე დროს, უფლისციხის მუზეუმის დირექტორია, ნახაზების და პროექტის შედგენა დაევალა.

ოფიციალური დასკვნის მიხედვით, მომავალი წლის წლის იანვრამდე რესტავრაციის სავარაუდო ღირებულება გახდება ცნობილი.

ბნელეთის ღვთისმშობლის ეკლესია მდინარე სკრის ერთ-ერთ განშტოების მარცხენა ნაპირას, ტყეში მაღალ ფერდობზე მდებარეობს და IX-X საუკუნეებით თარიღდება.

ნაგებობა სამეკლესიიანი ბაზილიკაა. ეკლესია ახლა თითქმის მთლიანად მიწაშია ჩამჯდარი.

ისტორიკოსების ცნობით, თავდაპირველად აქ ერთი ეკლესია მდგარა. შემდეგ მისთვის ჩრდილოეთით და სამხრეთით მთელ სიგრძეზე თითო უფრო დაბალი, აფსიდიანი ეკლესია (ეგვტერი) მიუშენებიათ. შესასვლელი სამხრეთ კედელშია, აქედან შეიძლება ეკლესიის სამივე ნაწილში მოხვედრა. შუა დარბაზი მოზრდილია. აქ სარკმლები აღმოსავლეთით, დასავლეთით და სამხრეთითაა. გადახურვა კამაროვანია.

დარბაზში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ერთ მხარეს გამოსახულია 12 მოციქული ფრონტალურად, მთელი ტანით, მეორეში ეკლესიის მამათა 12 ფიგურაა. ყველა ფიგურა მოჩარჩოებულია დეკორატიული თაღით.

ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში სულიწმინდის მოფენის ძნელად გასარჩევი ფრაგმენტებია, ხოლო მის ქვემოთ - 6 წმინდანის ფიგურა. დ

ასავლეთ კედლის ქვედა ნაწილში წარმოდგენილია 10 წმინდანის დიდი ფრონტალური ფიგურა. ძირითადად შემორჩენილია მოწითალო ფერის კონტურები. ფრაგმენტებზე გაირჩევა სუფთა ცისფერი, უნაბისფერი, ყვითელი ფერი. მხატვრობა სტილისტური ნიშნებით XII-XIII საუკუნეებით თარიღდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები