ახალი ამბები
შიდა ქართლის ოთხ მაჟორიტარულ ოლქში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან
ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის, ასევე, კასპისა და ქარელის მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან.

პირველი ტურისგან განსხვავებით კანდიდატები ამომრჩევლებს ამ დროისთვის შედარებით ნაკლები აქტიურობით ხვდებიან.

კასპში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ერთი საგანგებო შეხვედრა პარტიის ლიდერის დავით ბაქრაძის მონაწილეობით უკვე გამართეს.

ხაშურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა შტაბი გადაახალისა, ამის მიზეზი, პირველ ტურში ,,მრეწველ" სიმონ ნოზაძესთან მისი მარცხი გახდა.

ქალაქ გორსა და გორის რაიონში კანდიდატების შეხვედრების შესახებ მედიას მცირე ინფორმაციას აწვდიან.

ქალაქ გორში, მეორე ტურში ,,ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ მაკრახიძე და ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია დაუპირისპირდებიან.

იოსებ მაკრახიძემ პირველ ტურში 33,69% მიიღო. ირაკლი ალასანიამ - 19,38%. ალასანია მეორე ტურში ფორმალურად მონაწილეობს, რადგან მან უარი თქვა საარჩევნო კამპანიაზე.

გორის რაიონში ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი თენგიზ ხუბულური და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი იქნებიან.
ხუბულურმა პირველი ტურის მიხედვით 41,77%, ხოლო ბასიშვილმა 24,88% მიიღო.

კასპშიც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან.

ირაკლი მეზურნიშვილმა, პირველ ტურში, მისულ ამომრჩეველთა 45,65% მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნუგზარ ნონიაშვილმა 22, 89%.

ხაშურში მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი და „მრეწველების“ მაჟორიტარობის კანდიდატი სიმონ ნოზაძე დაუპირისპირდებიან.

გელაშვილმა ხმათა მხოლოდ 20,11% მიიღო, ხოლო ნოზაძემ 31,95%.

ქარელში მეორე ტური არ გაიმართება, აღნიშნულ ოლქში მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი თოთლაძემ 50% ბარიერი გადალახა, მან არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა 52,29% მიიღო.

საქართველოს მასშტაბით სულ 72 მაჟორიტარული ოლქია, აქედან მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები