ახალი ამბები
ვალერი გელაშვილის თქმით, პირველ ტურში მარცხი რაიონის გამგებლის ბრალია
„პირველ ტურში ჩემი დამარცხება გიორგი გურასპაშვილის ბრალია“ - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტთან საუბრისას გააკეთა.

„როდესაც მე ჩამოვედი, შტაბი უკვე დაკომპლექტებული იყო, რომელიც პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი გურასპაშვილმა დააკომპლექტა. შტაბმა ვერ იმუშავა და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ“ - გვეუბნება გელაშვილი.

გიორგი გურასპაშვილი „ქართული ოცნების“ ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის გამგებელია.

„გურასპაშვილი მეორე ტურის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს, მან რაიონს უნდა მიხედოს“ - განმარტავს მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კადიდატი.

ვალერი გელაშვილი ფიქრობს, რომ მეორე ტურში აუცილებლად მოიგებს, ამის იმედს კი ახლად დაკომპლქტებული შტაბი და ახალი კოორდინატორები აძლევს.

„მე ღიად დამიჭირა მხარი ირინე გელაშვილმა, რომელიც „რესპუბლიკელების“ მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატია, ასევე შტაბში მოვიდნენ დამოუკიდებელი მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატის პავლე ლაცაბიძის შტაბის წევრები. თავად ლაცაბიძე ამ ეტაპზე ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს“ - აცხადებს ვალერი გელაშვილი.

გიორგი გურასპაშვილის თქმით, იგი პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა და მეორე ტურის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იღებს მონაწილეობას.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები