ახალი ამბები
სიმონ ნოზაძე: ,,მე არასოდეს ვიტყვი, რომ გელაშვილი ყაჩაღი და არაფრის გამკეთებელია"
პარტია „მრეწველების“ ხაშურის მაჟორიტარობის კანდიდატი სიმონ ნოზაძე პირველი ტურის შედეგებს აჯამებს.

„მთელი ცხოვრების მანძილზე ხაშურთან წყვეტა არ მქონია, მე უამრავი ადამიანი დავასაქმე. საერთო ჯამში 1 000 კაცი სრულიად უანგაროდ. ვფიქრობ, რომ ამან დიდწილად განაპირობა ის შედეგი რაც დაიდო." - აცხადებს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას სიმონ ნოზაძე.

წოდებით გენერალი კანდიდატი 2002-2009 წლამდე სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის ,ატლანტის" ხელმძღვანელი იყო.

„ჩემი კონკურენტი უკმაყოფილებას გამოთქვამს, თითქოს ვამბობდი, რომ გელაშვილი ყაჩაღი და არაფრის გამკეთებელია - მე ამას არასოდეს ვიტყვი, არ ვიკადრებ. მე ხალხმა დამიჭირა მხარი და მენდობა. ვალერიმ, როგორც დეპუტატი, თავისი ნაკეთები საქმეები ამომრჩეველს ვერ დაანახა, ის საკუთარ ბიზნესს აკეთებდა.“ - განმარტავს ნოზაძე.

ნოზაძე ამბობს, რომ მეორე ტურისთვის მზადება უკვე დაწყებულია და გამარჯვების იმედს პირველი ტურის შედეგები აძლევს.

,,მრეწველების" კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში ხმების უმრავლესობა მიიღო. გელაშვილმა ხმათა მხოლოდ 20,11% მიიღო, ხოლო ნოზაძემ 31,95%.


Print

სტატიის გამოყენების პირობები