ახალი ამბები
იოსებ მაკრახიძის დაპირება 8 კმ გზის მოასფალტების შესახებ მცდარი აღმოჩნდა
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, იოსებ მაკრახიძის დაპირება, ქალაქში მომავალ წელს 8 კმ გზის მოასფალტებასთან დაკავშირებით, მცდარი აღმოჩნდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კანდიდატმა საუბრის დროს ტექნიკური შეცდომა დაუშვა და იგულისხმა მიმდინარე წელს 8 ობიექტზე ჩატარებული სამუშაოები.

,,ქართული ოცნების' კანდიდატი ამომრჩევლებს სამეფო ქუჩაზე დაპირდა, რომ მომავალ წელს გორში 8 კმ სიგრძის ახალი ასფალტი დაიგებოდა.

,,როგორც ჩანს, კამერების წინ, ბატონი იოსები ღელავდა და ტექნიკური შეცდომა დაუშვა. მიმდინარე წელს ქალაქში 8 კმ ნახევარი სიგრძის გზა დაიგო. მომავალ წელს რამდენი დაიგება, ჯერ, არ ვიცით. ბიუჯეტი დასამტკიცებელია" - უთხრა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტს ქალაქის მერმა.

აღნიშნული განმარტება ზურაბ ჯირკველიშვილმა ფეისბუქზე ,,ლაივსტრიმის" მიმდინარეობისას დასმული კითხვის დროს გააკეთა.

ქალაქში სულ 260 ქუჩა, აქედან, ჯირკველიშვილის თქმით, რეაბილიტაცია 2016 წელს 30 ქუჩას ჩაუატარდა.

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს ნოემბერში წარედგინება. 

იოსებ მაკრახიძე 2016 წლის 30 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში იღებს მონაწილეობას. იოსებ მაკრახიძემ პირველ ტურში 33,69% მიიღო. ირაკლი ალასანიამ - 19,38%. ალასანია მეორე ტურში ფორმალურად მონაწილეობს, რადგან მან უარი თქვა საარჩევნო კამპანიაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები