ახალი ამბები
გზა მინდვრიდან სუფრამდე - აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო გამოიცა
შეუძლია თუ არა მედია სავალალო შედეგების პრევენციაში ფერმერებს დაეხმაროს? პასუხი დადებითია, იმ შემთხვევაში, თუ მედია თანმიმდევრულად, სიღრმისეულად და გასაგებად მიაწვდის მისსავე მიზნობრივ აუდიტორიას, მცენარეთა სხვადასხვა მავნებლებისა და მათთან ბრძოლის შესახებ ინფორმაციას. თუმცა ეს სწორედ ისაა, რასაც მედია ნაკლებად აკეთებს.

სურსათის უვნებლობა და საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა - ეს ის სფეროა, რომელსაც ასევე ნაკლები ყურადღება ექცევა. სურსათის უვნებლობის პრინციპი - გზა მინდვრიდან სუფრამდე - საქართველო ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს

ეს ციტატები იმ წიგნიდანაა ამონარიდი, რომლის პრეზენტაცია გორში საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის წევრებმა მოაწყეს.

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის ინიციატივით მასმედიის წარმომადგენლებისთვის აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო გამოიცა.

წიგნის პრეზენტაცია ასოციაციის წევრებმა გორში, „კარტლის აგროსისტემების“ გორის ფერმერთა ცენტრში მოაწყეს.

აგროჟურნალისტიკის გზამკვლევი, რომელიც რეგიონული მედიის ასოციაციის წევრებისათვის, როგორც სახელმძღვანელო მომზადდა და მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე, ან და ამ სფეროთი დაინტერესებული მედიის წარმომადგენლებს.

აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელო არის ერთიანი პროექტის ნაწილი, რომელიც განხორციელდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია MERCY CIROS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის GRMA, საქართველოს მაუწყებელთა ასოციაციისა GARB და ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან JRC პარტნიორობით.

„სახელმძღვანელო პირველი მცდელობაა ქმედითი და ეფექტური დახმარება გაუწიოს მედიის წარმომადგენლებს, თავი მოუყაროს ჟურნალისტებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სახელმძღვანელოს ავტორები არიან პრაქტიკოსი ჟურნალისტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორებთან და სფეროს ექსპერტებთან ერთად,“ - აღნიშნავს საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მამულაშვილი.

სახელმძღვანელო მოიცავს შემდეგ თემებს: აგროჟურნალისტიკა, აგრონიმიის საფუძვლები ჟურნალისტებისთვის, აგროკალენდარი, ვეტერინარია, სურსათის უვნებლობა და DCFTA, მედია ტექნოლოგია აგრობიო მრავალფეროვნების საჩვენებლად, მინდვრიდან სუფრამდე პროცესის გაშუქება, მეცხოველეობის გაშუქება და სხვა. სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია ასოციაციის ვებ ვერდზე:www.grma.ge განთავსდება.

აღსანიშნავია, რომ აგროჟურნალისტიკის მიმართულებით შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია MERCY CIROS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის ხელშეწყობით საქართველოს უნივერსიტეტებში სოფლის მეურნეობის გაშუქების სასწავლო კურსის დანერგვა მიმდინარეობს. 6 სასწავლებელში აგროჟურნალისტიკა სასწავლო კურიკულუმში უკვე ინტეგრირდა, ხოლო პრაქტიკოსი ჟურნალისტებისათვის გზამკვლევი მომზადდა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორგნიზაცია ხელს უწყობს ადგილობრივი პარტნიორების ინიციატივებს ისეთი საკითხების გარშემო, რომლებიც სოფლის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს და მიზნად ისახავენ თავიანთი მცდელობებით განავითარონ ეს სფერო. ამიტომ აგროჟურნალსტიკის გზამკვლევის გამოცემას მხარი დავუჭირეთ. იმედია რეგიონული მედიის ჟურნალისტებისათვის ეს გზამკვლევი კარგი დამხმარე აღმოჩნდება, ვფიქრობთ, გზამკვლევი ხელს შეუწყობს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში აგრო მიმართულებით უკეთესი მედია პროდუქტის შექმნას, -“ ამბობს ნონა სამხარაძე, MERCY CIROS-ის მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენელი.

აგროსფეროში რეგიონული მედიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება პარტნიორმა კომპანია „კარტლის აგროსისტემების“ გენერალურმა დირექტორმა რობერტ რევიამ. სწორედ ეს ორგანიზაცია გაუწევს მხარდაჭერას „რეგიონული მედიის ასოციაციის“ ჟურნალისტებს აგრო ექსპერტების მოძიებასა და მიაწვდის ინფორმაციას სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეული ინოვაციების შესახებ.
„ჩვენი კომპანია ორიენტირებულია ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის სოფლის მეურნეობის წარმოებაზე. ჩვენს აგრო წარმოებას ახალი ცოდნა და ტექნოლოგიების დანერგვა სჭირდება, ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მედიის როლი. ჩვენ ვხედავთ, რომ აგროჟურნალისტიკის სახელმძღვანელოც ამ მნიშვნელოვანი როლის შესრულებისკენ არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომაც ვითანამშრომლებთ „რეგიონული მედიის ასოციაციასთან,“- განაცხადა რევიამ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები