ახალი ამბები
ცხინვალის მთავრობა გამყოფ ხაზთან ხანძრის გავრცელების ფაქტს აპროტესტებს
ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა გამყოფ ხაზთან ხანძრის გაჩენის ფაქტები გააპროტესტა.

მისი თქმით, მშრალ ბალახზე ცეცხლი საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციის ქვეშ მყოფი ტერიტორიიდან ვრცელდება.

ამის შესახებ სანაკოევმა ერგნეთში გამართულ 71-ე შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით გაიმართა.

სანაკოევმა კიდევ ერთხელ მოითხოვა ე.წ. ბორდერიზაცია. ანუ გამყოფ ხაზზე სასაზღვრო ნიშნების დაყენება. ეს, მისი აზრით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს შეამცირებს.

საქართველოს ხელისუფლება კი, ე.წ. საზღვრის ბორდერიზაციას კატეგორიულად ეწინააღმდება, რადგან ისედაც უკანონოდ განთავსებული მავთულხლართები და ღობეები ადგილობრივ მოსახლეობას ბარიერებს უქმნის.

,,ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებს, ასევე, უკანონო „პატიმრობაში“ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის უპირობო გათავისუფლების საჭიროებას." - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

,,სანამ ქართული მხარე ამისთვის მზად არის, მანამ ჩვენ გავაგრძელებთ დემარკაციის მოთხოვნას" - აღნიშნავს ცხინვალის მთავრობის წარმომადგენელი დავით სანაკოევი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ისაუბრეს გამყოფ ხაზთან პატრულირების შესახებ.

მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა იმის შესახებ, რომ სამხედრო თუ საპოლიციო გადაადგილებისას მხარეებმა ერთმანეთს ადრევე შეატყობინონ. ეს კი ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით უნდა განხორციელდეს.

,,შეხვედრაზე ცენტრალურმა ხელისუფლებამ ასევე ისაუბრა ცხელი ხაზის მეშვეობით ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლის აუცილებლობაზე, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს აღნიშნული საკომუნიკაციო არხის პრაქტიკულობასა და ეფექტურობას." - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დავით სანაკოევის თქმით, ბოლო შეხვედრიდან დღემდე, საქართველოს მხრიდან ე.წ. საზღვარი 6-ჯერ დაირღვა. დაკავებულთაგან ცხინვალის იზოლატორში მხოლოდ ორი მოქალაქე რჩება, რომელსაც სასამართლო პროცედურების გავლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას გადასცემენ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები