ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადება მეორე ტურის მიმდინარეობაზე ზუგდიდსა და გორში
არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებიან მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში.

არჩევნების დღის პირველი საათები აღნიშნული მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში მიმდინარეობს უმეტესად მშვიდ გარემოში, შეიმჩნევა რამდენიმე მნიშვნელოვანი და უმეტესწილად ტექნიკური ხარვეზები, დაფიქსირდა ერთი ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევა.

2016 წლის 30 ოქტომრბის არჩევნები 15 საათის მდგომარეობით ზუგდიდსა და გორში უმეტესად მშვიდად მიმდინარეობს. თუმცა გორის სოფ. სობისის უბანზე საარჩევნო სუბიექტის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ალბერტ მერებაშვილი ცემეს, სუბიექტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ პირველ ტურში აღნიშნულ უბანზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოიგო და შემთხვევასაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ აღნიშნული პირი არის სპორტსმენი და მას ახასიათებდა წარსულ დროში აღნიშნული სახის პროვოკაციების მოწყობა, ამასთან აცხადებენ, რომ მერებაშვილი თავად გამოირჩეოდა აგრესიული ტონით და სალანძღავ სიტყვებს იყენებდა, მის უბანზე მისვლას ჰქონდა პროვოკაციული ბუნება. ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია მოუწოდებს ორივე მხარეს აღკვეთონ მსგავსი ფაქტები და მოუწოდონ საკუთარი პარტიის აქტივისტებს ფიზიკური თუ სიტყვიერი დაპირისპირებისაგან თავის შეკავებისაკენ. აღნიშნული ზიანს აყენებს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას და უარყოფითად მოქმედებს საერთო გარემოზე.

12 საათზე გაკეთებულ განცხადებაში აღვნიშნავდით ქალაქ ზუგდიდის მე-20 უაბნზე მომხდარი ფაქტის თაობაზე, სადაც ერთის მხრივ, ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველყოფა ვერ მოახერხა საარჩევნო ადმინისტრაციამ, მეორეს მხრივ კი - დამკვირვებელს არ მისცა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, კერძოდ საჩივრის დარეგისტრირებაზე აცხადებდა უარს. საოლქო კომისიის ჩარევის შემდეგაც კი არ მიეცა დამკვირვებლის საჩივრის ჩაბარების შესაძლებლობა, სანამ უბანზე პრესა და სადამკვირვებლო მისიის სხვა წარმომადგენელი არ მივიდა. კომისიის წევრები უარყოფდნენ კაბინაში ფოტოს გადაღების ფაქტს, მიუხედავად იმისა, რომ მისიის დამკვირვებელს სხვა დამკვირვებელიც უდასტურებდა გარემოებას. მივმართავთ ზემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციებს, დროული და ყოველმხირივი გამოკვლევა ჩაატარონ აღნიშნულ ფაქტზე და შესაბამისი დისციპლინური და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები გამოიყენონ (შეგახსენებთ, ამავე უბანზე დილიდანვე ხდებოდა დამკვირვებლისათვის ხელის შეშლა).

დამატებით აღვნიშნავთ, რომ ხმის მიცემის ფარულობა არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია. არ აქვს მნიშვნელობა, ამომრჩეველი თავად არღვევს ამ პრინციპს თუ სხვა. საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია, ჯეროვნად შეასრულოს საკუთარი ფუნქციები და დაიცვას არჩევნების პრინციპები. განმეორებითი კენჭისყრის დროსაც დაფიქსირდა მსგავსი შემთხვევა და ვგმობთ საოლქო საარჩევნო კომისიის ზერელე დამოკიდებულებას, როდესაც ფაქტი აღმოფხვრილად ჩათვალა ზუგდიდის ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებლის მიერ რამდენიმე ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმის დაფიქსირების მიუხედავად. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ძალიან მკაცრი და მტკიცე პოზიცია უნდა დაიჭიროს, როდესაც საქმე ეხება ფუძემდებლურ საარჩევნო პრინციპებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ზოგადად არჩევნების ფარულობის დარღვევა შექმნის არჩევნების ლეგიტიმაციის საეჭვოობის საფრთხეს. ჩვენ მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებსაც და ვთხოვთ, დაიწყონ გამოიძება არა მხოლოდ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, არამედ სამსახურებრივი გულგრილობის გამოც. უნდა შეიქმნას პრეცენდენტი, რომელიც ასეთი დარღვევების პრევენციის საშუალებას მოგვცემს.

ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის მიერ გორსა და ზუგდიდში დაფიქსირდა სხვა რამდენიმე ტექნიკური ხარვეზიც. მაგალითისათვის, მარკირების პროცედურის არაჯეროვანი შესრულება გორში, რეგისტრატორების მიერ ხელმოწერების გაკეთების წესის დარღვევა (შედგა ახსნა-განმარტებითი ბარათები) ასევე გორის ერთ-ერთ სოფელში. დარღვევების უდიდესი ნაწილი არ ახდენს არჩევნების საერთო შედეგებზე გავლენას, თუმცა ისინი მიუთითებენ კომისიის წევრთა კომპეტენციის პრობლემაზე, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომისიის დაკომპლექტების წესის ხარვეზიანობაზე.

განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით. განცახდების შინაარსი შეიძლება არ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები