ახალი ამბები
სობისის ინციდენტამდე ალბერტ მერებაშვილი საიას დამკვირვებელს დაემუქრა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სობისში ალბერტ მერებაშვილი, რომელიც ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებთან გამართული ჩხუბის დროს დაშავდა, მანამდე საიას დამკვირვებელს დაემუქრა.

ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ალბერტ მერებაშვილმა საიას დამკვირვებელი იმ საჩივრის გამო გააკრიტიკა, რომელიც უბნის გახსნისას წილისყრებთან დაკავშირებით დაიწერა.

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ალბერტ მერებაშვილი უბანზე იმყოფებოდა ორგანიზაცია „ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის“ დამკვირვებლის სტატუსით.

თუმცა, იგი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი.

,,მან ჩვენი დამკვირვებელი გააკრიტიკა ჩვენს მიერ დაწერილი საჩივრის გამო (წილისყრებთან დაკავშირებით) და დაემუქრა „ყოფილი კუდ-ის წარმომადგენელი ვარ და არაფერი შეგეშალოსო.“" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღეს დილით ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ალბერტ მერებაშვილი სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით მივიდა და ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა.

მოგვიანებით, ,,ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საპასუხო განცხადება გაავრცელა, რომელმაც აღნიშნა, რომ კუდის ყოფილი თანამშრომელი ალბერტ მერებაშვილი სპორტსმენია და უბანზე პროვოკაცია მოაწყო.


Print

სტატიის გამოყენების პირობები