ახალი ამბები
ქვახვრელში ოპოზიციური ნების გამომხატველებს უბნის გარეთ აგინებდნენ
არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” აკვირდებიან მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში.

ორგანიზაციის წევრების თქმით, არჩევნების დღის პირველი საათები აღნიშნული მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში მიმდინარეობს უმეტესად მშვიდ გარემოში, შეიმჩნევა რამდენიმე მნიშვნელოვანი და უმეტესწილად ტექნიკური ხარვეზები. მიაჩნიათ, რომ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება აუცილებელია მომავალში ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

2016 წლის 30 ოქტომრბის არჩევნები 18 საათის მდგომარეობით ზუგდიდსა და გორში უმეტესად მშვიდად და მცირე ხარვეზებით მიმდინარეობს. სახიფათო სახეს იძენს უბანზე ხმის მიცემის კაბინაში ფოტოების გადაღების ფაქტები და აჩენს ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობის არსებობის ეჭვებს.

დღის ამ მონაკვეთში აღსანიშნავია გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვახვრელში უბნის გარეთ არსებული სიტუაცია, როდესაც კენჭისყრის შენობაში, უბნის კართან იდგნენ პირები და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ოპოზიციური პარტიის სასარგებლოდ აკეთებდნენ არჩევანს.

აღნიშნულზე რეაგირება მოითხოვა ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებელმა და პოლიციის დახმარებით წესრიგის დამყარებისკენ მოუწოდა კომისიის თავმჯდომარეს (მოადგილეს, როგორც მოვალეობის შემსრულებელს, რამდენადაც იმ მომენტში თავმჯდომარე არ იმყოფებოდა უბანზე). თუმცა ამ უკანასკნელმა რეაგირებაზე უარი განაცხადა.

განცხადებიდან რამდენიმე წუთში ქვახვრელის უბანზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. ვითარება უკვე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, საოლქო საარჩევნო კომისიის ჩართულობის შედეგად სიტუაცია საარჩევნო უბანზე გამოსწორდა, მივესალმებით ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციების მხრიდან აქტიურ თანამშრომლობას და მოვუწოდებთ საუბნო საარჩევნო კომისიას უზრუნველყონ წესრიგის დაცვა კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარედ წესრიგის დარღვევის საფრთხე დროულად აღმოფხვრან.

ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისიისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რამდენიმე ამომრჩეველმა ხმის მიცემის კაბინაში ფოტო გადაუღო ბიულეტენს და საკუთარ პირადობის მოწმობას. დღის განმავლობაში რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა ხმის მიცემისას ფოტოს გადაღების თაობაზე, უმეტეს შემთხვევაში ცალკეული პირები აცხადებენ, რომ ამომრჩევლები ამას სოციალურ ქსელებში გასავრცელებლად აკეთებენ, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ფოტომასალა, სავარაუდოდ, სოციალურ ქსელში გასავრცელებლად არ ყოფილა გადაღებული.

აღსანიშნავია, რომ ხმის მიცემის კაბინაში ფოტოს გადაღება წინა წლებში გამოიყენებოდა ამომრჩევლების მიერ გაკეთებული არჩევანის კონტროლის საშუალებად, რა დროსაც კონკრეტული პირები „მტკიცებულების“ სახით ითხოდნენ ამომრჩევლებისაგან ფოტომასალას კაბინიდან. მიგვაჩნია, რომ დღეს დაფიქსირებული რამდენიმე შემთხვევა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სწორედ ამ მიზნით იღებენ ამომრჩევლები ფოტოებს კაბინაში და სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, საარჩევნო კომისიამ ზედმიწევნით შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები და უზრუნველყოფს ხმის მიცემის ფარულობა, რათა ამით გამოირიცხოს ამომრჩევლის ნების განხორციელებაზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობებიც.

მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და დეტალურად გამოიკვლიონ სიტუაცია. თავს ვიკავებთ საჯაროდ ჩვენს ხელთ არსებული ფოტოების გავრცელებისაგან, თუმცა მივაწვდით მათ პროკურატურის ორგანოებს.

განცხადება მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაციების „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისაკენ” და „ჰელფინგ ჰენდის” მიერ პროექტის „ახალგაზრდული სადამკვირვებლო მისია“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაცია „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მხარდაჭერით. განცახდების შინაარსი შეიძლება აaრ ემთხვეოდეს „ნაციონალური წვლილი დემოკრატიისათვის“ მოსაზრებას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები