ახალი ამბები
,,ოცნების" მხარდამჭერებმა ხიდისთავში მაღაზიის გამყიდველს ნაგავი დაუყარეს
,,ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ერთერთ მოქალაქეს მაღაზიის წინ ნაგავი სპეციალურად დაუყარეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'" შტაბიდან აცნობეს.

პარტიის წარმომადგენლების ცნობით, არჩევნების დღეს, ხელისუფლების აქტივისტებმა ამ ფორმით შეურაცხყოფა  ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერს მიაყენეს.

ფაქტს მაღაზიის მეპატრონე ადასტურებს, მისი თქმით, დიდი მოცულობის სხვადასხვა სახის ნარჩენები თავისი სახსრებით გუშინვე მანქანებით გაიტანა.

,,გუშინ, არჩევნების დღეს,  აქვე რაღაცეები დაასუფთავეს. აგერ, ჩემ გვერდით მაღაზიაა. იქიდანაც გამოიტანეს ნაგავი და ჩემ წინ დაყარეს სპეციალურად." - გვითხრა მაღაზიის მეპატრონემ.

იმ ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ნაგავი დაყარეს, მთავარი სარაიონოთაშორისო გზა გადის. ფაქტის თვითმხილველებიც არიან და ისინიც ადასტურებენ, რომ ,,გოგიას მაღაზიასთან" ნაგავი სპეციალურად დაყარეს.

კონკრეტული პიროვნებების დადგენა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. თუმცა, ,,გოგიას მაღაზიაში" გვითხრეს, რომ ნარჩენების დიდი ნაწილი მეზობელი სუპერმარკეტიდანაც გამოიტანეს. ეს სუპერმარკეტი კი პატრულის თანამშრომელს ეკუთვნის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები