ახალი ამბები
სურამში ვალერი გელაშვილის ინიციატივით დაწყებული წყლის სამუშაოები შეჩერდა
დაბა სურამში სასმელი წყლის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც ვალერი გელაშვილის ინიციატივით დაიწყო, ამჟამად, შეჩერებულია.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს აიპპ ,,ხაშურსერვისიდან" აცნობეს.

,,ხაშურსერვისის" ხელმძღვანელის ნუკრი ცხოვრებაძის თქმით, რამდენიმე დღეა სამუშაოების გაგრძელების თაობაზე, ზემდგომი ორგანოებიდან დავალება აღარავისგან მიუღია.

,,აღარავის დაუვალებია, მუშაობა გააგრძელეო. პრინციპში რაღაც მქონდა გაფუჭებული, მაგრამ მაინც მოვიკითხავ, რა ხდება. მე მხოლოდ ტექნიკას ვახმარებდი. გამგებლისგან წერილი იყო შემოსული, რომ კილომეტრნახევარ მანძილზე მიწა გამეჭრა" - აცხადებს ნუკრი ცხოვრებაძე.

რუსთაველის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ სამუშაოები არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე დაიწყო.

,,ვალერი გელაშვილი იყო მოსული, გვითხრა, ამირჩიეთ და წყალს გაგიკეთებთო" - ამბობს აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები ნანული ლომსაძე. 

ვალერი გელაშვილი სამუშაოებთან დაკავშირებით, თანხის გამოყოფას უარყოფს. თავდაპირველად, მუნიციპალიტეტის გამგეობაც აღნიშნულ სამუშაოებს გაემიჯნა და პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ ბიუჯეტიდან თანხები არ გამოიყო.

ამჯერად, ვინ დაასრულებს სამუშაოებს, ამის შესახებ, გამგეობიდან პასუხს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ელოდება.

ვალერი გელაშვილმა დაბა სურამში ორ უბანზე მოიგო, ხოლო ორ უბანზე წააგო.

იმ უბანზე, სადაც სასმელი წყლის დაქსელვა უნდა მომხდარიყო, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წააგო. მთლიანობაში სურამში ვალერი გელაშვილმა 803 ხმა აიღო, ხოლო 929 ხმა ,,მრეწველმა" სიმონ ნოზაძემ.

ვალერი გელაშვილი ხაშურის მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურშიც დამარცხდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები