ახალი ამბები
ვლადიკავკაზში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდა
ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ვლადიკავკაზში ახალგაზრდა სპორტსმენებს, მოჭიდავეებს შეხვდა და მასტერკლასი ჩაუტარა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ ოსეთის საინფორმაციო საშუალებები ავრცელებს.

გორელი მოჭიდავე ვლადიკავკაზის მერმა მახარბეკ ხადარცევმა მიიწვია. გორიდან, ლადო ხინჩეგაშვილთან ერთად, ქართველი ძიუდოისტი ანატოლი ავაზნელიც  იმყოფებოდა.

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, თავის მხრივ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მახარბეკ ხადარცევმა ლადო ხინჩეგაშვილი საერთო ნაცნობის ქორწილში გაიცნო. სწორედ, მაშინ მიიწვია სტუმრად ვლადიკავკაზში. 

,,გაზეტა სლოვას" ცნობით, ლადო ხინჩეგაშვილმა ვლადიკავკაზში თანამოგვარეები გაიცნო. რესტორანში ყოფნისას მასში ერთერთმა თანამოგვარემაც ოლიმპიური ჩემპიონი ამოიცნო. 

ოსური ფესვების მქონე ქართველი მოჭიდავე დიდ ხანს ოცნებობდა მოენახულებინა ქალაქი, სადაც უამრავი ოლიმპიური ჩემპიონი ცხოვრობს. 

მისი თქმით, ქალაქის მერისგან მოწვევის მიღება მისთვის ძალიან სასიამოვნო იყო, ხოლო ვიზიტის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი იყო ის, რომ გაეცნო თავისი მოგვარეები.

„სასიამოვნოა, როდესაც შენ მხარს გიჭერენ, გგულშემატკივრობენ, როგორც ახლობელს, ღიად გიჩვენებენ თბილ დამოკიდებულებას, მოდიან შენთან, რათა გაგიცნონ“, - აღნიშნავს ,,გაზეტა სლოვასთან" ინტერვიუში ლადო ხინჩეგაშვილი.  



Print

სტატიის გამოყენების პირობები