ახალი ამბები
ხაშურის გამგებელს ტენდერში კომპანიების შერჩევის ფაქტზე ედავებიან
მდინარე სურამულას გაწმენდითი სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერში კომპანია ,,გამრეკელმა", გამარჯვების მიზნით, ტენდერში საწყისი თანხა გაანახევრა

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კომპანია გამარჯვებული გახდა. კომპანიის ხელმძღვანელი ლევან გამრეკელი ხელშეკრულების დასადებად გამგეობაში 3 ნოემბერს მიიწვიეს.

კონკურენტმა კომპანიამ კი, შესყიდვების კომისია არასათანადო გადაწყვეტილებაში დაადანაშაულა. ,,რეალ ენერჯი" ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვს.

სამუშაოები სოფელ ოსიაურში და სოფელ ახალსოფელში მდინარე სურამულას კალაპოტის წმენდის სამუშაოებს ითვალისწინებს.

საქმე იმაშია, რომ 2016 წლის 28 ოქტომბერს გამართულ ტენდერში მონაწილეობას ხუთი კომპანია იღებდა. ,,გამრეკელს" პაექრობას რუსთავში რეგისტრირებული კომპანია ,,რეალ ენერჯი" უწევდა.

პირველი რაუნდიდან მესამე რაუნდამდე, ,,გამრეკელის" მითითებული ფასი, 21 480 ლარიდან, 15 ათას ლარამდე დავიდა.

,,რეალ ენერჯიმ" კი, 17 ათას ლარამდე სდია. დანარჩენი სამი კომპანია 27 ათას ლარზე გაჩერდა.

კომპანია ,,რეალ ენერჯის" აზრით, ,,გამრეკელის" მიერ წარდგენილი გარკვეული სახის დოკუმენტაცია არ პასუხობს სატენდერო პირობებს.

კერძოდ, 2016 წლის 04 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს გამრეკელს შპს მშენ-ბენისთვის გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელშიც მითითებულია 2016 წლის 05 ოქტომბერს გაფორმებული #16 ხელშეკრულების "მომსახურება".

,,ეს მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ხსენებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო არ უნდა იყოს შესრულებული ან ბოლომდე დასრულებული." - აცხადებს ,,რეალ ენერჯის" წარმომადგენელი.

გარდა ამისა, ხსენებულ საგადასახადო ფაქტურას ზედა მარცხენა კუთხეში აწერია, რომ აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ გადაგზავნილია და არ არის დადასტურებული.

,,აქვე, აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში არ არის წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების შესახებ ფორმა #2, რომელშიც ჩამოთვლილი იქნებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაები, რითაც დადასტურდებოდა პრეტენდენტის მხრიდან ანალოგიური ან სხვა სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება. ასევე, არაა წარმოდგენილი ელექტრონულ ტენდერში არც ერთ სხვა დანარჩენ ხელშეკრულებაზე შესრულებული სამუშაოების შესახებ ფორმა #2." - აღნიშნავს ,,რეალ ენერჯის" წარმომადგენელი.

კიდევ ერთი ფაქტი, რაც შესაძლოა, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დისკვალიფიკაციის მიზეზი გახდეს.

კერძოდ, 2016 წლის 03 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში პრეტენდენტის მტკიცებით დამკვეთისთვის შპს სტანდარტმშენისთვის შესრულებული აქვს 25 000 ლარის სამუშაო და ამ შემთხვევაშიც მხოლოდ გადაგზავნილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომელიც ასევე არაა აქვს დამკვეთს დამოწმებული.

,,შესაბამისად, ვთვლით, რომ პრეტენდენტს - შპს გამრეკელს არა აქვს ტენდერით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამოცდილება, რომელიც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 80 000 ლარს." - სწერს ,,რეალ ენერჯის" წარმომადგენლი შესყიდვების სააგენტოს და ითხოვს ,,გამრეკელის" ჩამოცილებას ტენდერიდან.

ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელი, ეთერ ხვედელიძე ამბობს, რომ გამგეობის პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც შესყიდვების სააგენტო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

,,სხდომა გუშინ გაიმართა სააგენტოში, გადაწყვეტილება ჩვენთვისაც არაა ცნობილი. 10 დღეში გამოაქვეყენებენ. ჩვენს პოზიციასაც ამის შემდეგ შეიტყობთ" - გვითხრა ეთერ ხვედელიძემ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები