,,ღია კარის დღის“ ფარგლებში დღეს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი
გოგებაშვილის, გიორგი ბრწყინვალესა და გმირების ქუჩების კვეთაზე
გავიდა.
იქ სკვერის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ
მოსახლეობას შეხვდა.
მერმა შეკრებილ საზოგადოებას ამხანაგობების შექმნისკენ და
,,სამოქალაქო ბიუჯეტირების" პროექტში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა.
მერია ,,ამხანაგობებს" თანხის 90% უხდის.
,,სამოქალაქო ბიუჯეტირების" პროგრამით კი, მოქალაქეთა გაერთიანებებს,
საკუთარი შეხედულებისამებრ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის განკარგვა
შეუძლიათ.
შეხვედრის ბოლოს მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუში გორის მერმა
ქალაქში დღეისათვის მიმდინარე სამუშოები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ
ეტაპზე ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურისა და სკვერების რეაბილიტაციის
სამუშაოები მიმდინარეობს.
,,გაზრდილ მოთხოვნებს მერია ადექვატურად პასუხობს არსებულის
რეაბილიტაციით და სტიქიურ ნაგავსაყრელებზე ახალი სკვერების მოწყობით.
უკვე მოეწყო სკვერი კომბინატში, ჯანო ბაგრატიონის ქუჩაზე, სადაც ადრე
სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელი იყო. სკვერის რეაბილიტაცია
მიმდინარეობს სადგურზე, კეცხოველის ქუჩაზე, სტალინის სახლ-მუზეუმთან
და თეატრის მიმდებარედ. ჯამში წლის ბოლომდე ქალაქის ინფრასტრუქტურას 2
ახალი და 3 რეაბილიტირებული სკვერი შეემატება.“- განაცხადა ზურაბ
ჯირკველიშვილმა.
გოგებაშვილის, გიორგი ბრწყინვალესა და გმირების ქუჩების კვეთაზე
სკვერის მშენებლობის სამუშაოები, რომლის ღირებულება 40 837 ლარია, 13
დეკემბერს დასრულდება.
სკვერის რეაბილიტაცია მე-3 პროექტია, რაც აღნიშნულ ტერიტორიაზე წელს
ხორციელდება. მიმდინარე წელს გოგებაშვილის ქუჩის რეაბილიტაციისა და და
მდინარე მეჯუდის კალაპოტის გაწმენდის სამუშოები განხორციელდა.
სტატიის გამოყენების პირობები