ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლის გუნდებს
შორის, სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების პოპულარიზაციის
მიზნით, ვიქტორინა ჩატარდა.
პირველი ადგილი ქალაქ გორის სკოლა ლიცეუმის მოსწავლეებმა
დაიკავეს.
ვიქტორინის კითხვები მე-9 კლასის სამოქალაქო განათლების დამხმარე
სახელმძღვანელოდან „როგორ გავხდე აქტიური მოქალაქე“ შედგებოდა, რომლის
შერჩევასა და ღონისძიების ორგანიზებაში სამოქალაქო განათლების საგნის
პედაგოგები იღებდნენ მონაწილეობას.
ღონისძიება 2016 წლის 4 ნოემბერს, გორის დემოკრატიული ჩართულობის
ცენტრში პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში გაიმართა და
მონაწილეობა გორის სკოლა-ლიცეუმის, ქვეშის, ქიწნისის, ატენის, პატ.
გარეჯვრის, მერეთისა და ძევერის სკოლების გუნდებმა მიიღეს.
ვიქტორინა 3 - ზოგადი კითხვების, სამოქალაქო განათლების ლექსიკონისა
და სიტუაციური ამოცანებისგან შემდგარი ტურისგან შედგებოდა.
გუნდებს ქულებით ჟიურის წევრები აფასებდნენ, რომელსაც საგანმანათლებლო
რესურს ცენტრის წარმომადგენელი ნონა ოქროპირიძე ხელმძღვანელობდა,
თითოეული კითხვის ირგვლივ პედაგოგები შესაბამის განმარტებებს და სწორ
და ამომწურავ ინფორმაციასაც აწვდიდნენ მოსწავლეებს.
საზოგადოება ,,ბილიკის" წარმომადგენლის, ლია გორელიშვილის თქმით,
მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების ირგვლივ დასმულ კითხვებს
საინტერესოდ უპასუხეს. სიტუაცურ ამოცანებში თავი გამოიჩინეს,
აქტიურობდნენ და თანაბარი ქულებით მიიწევდნენ წინ, სამრაუნდიანი
დაძაბული ასპარეზობის შედეგად მხოლოდ დამატებითი კითხვებით გახდა
შესაძლებელი გამარჯვებული გუნდის გამოვლენა.
ჟიურის წევრებმა დადებითად შეაფასეს ღონისძიება, რადგან მოსწავლეთა
წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით მნიშვნელოვანი და
პრიორიტეტულია მსგავსი ღონისძიებების ჩატარება, იგი ხელს უწყობს
მოსწავლეებში სამოქალაქო განათლებაში ცნობიერების გაზრდას. გაკვეთილზე
ნასწავლის განმტკიცებას, სამოქალაქო განათლების დამხმარე
სახელმძღვანელოების მიმართ ინტერესის გაზრდას მოსწავლეებში.
„დღეს ყველაზე ნაყოფიერი დღე იყო. ჩვენმა სკოლამ პირველი ადგილი აიღო
ვიქტორნაში. რომელიც ჩვენი ჯგუფის წევრების დამსახურებაა, რადგან ჩვენ
ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით გავაკეთეთ და მიზანსაც მივაღწიეთ.
შეიძლება ეს არც ისე დიდი გამარჯვებაა მაგრამ ყველაფერი აქედან
იწყება, ჩვენ აქტიური მოქალაქეები ვართ“_აღნიშნეს გორის სკოლა
ლიცეუმის მოსწავლეებმა.
სტატიის გამოყენების პირობები