ახალი ამბები
კორპუსის ამხანაგობამ ლამზირა მელიქიძეს მარტივი ლიფტი გაუკეთა
გორში, ელიოზიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ამხანაგობამ ლამზირა მელიქიძეს მარტივი ლიფტი გაუკეთეს.

თანადაფინანსების პროგრამა გორის მერიასთან ერთად განხორციელდა და ბიუჯეტიდან 1950 ლარი გაიხარჯა.

,,გავთავისუფლდი ტყვეობისგან!“ - ამ სიტყვებით შეეგება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალბატონი ლამზირა მელიქიძე მასთან სტუმრად მისულ ქალაქის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს და საგანგებოდ მისთვის დამონტაჟებული ლიფტისთვის მადლობა გადაუხადა.

კონსტრუქციის გამართულობა და მუშაობის ხარისხი მერმა პირადად შეამოწმა.  ქალბატონ ლამზირას ლიფტის გამოყენებით ესტუმრა.

,,23 წელია, რაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შემიძლია. დღემდე სულ მეზობლებს ვაწუხებდი. ლიფტი არაჩვეულებრივად მუშაობს და ბედნიერი ვარ, რადგან საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციას მოვახერხებ. იმედი მაქვს, რომ ჩემს შესაფერის სამუშაოსაც მოვნახავ და სრულფასოვანი ცხოვრებით ვიცხოვრებ. დიდი მადლობა ჩვენს მერს, რომელმაც დანაპირები საოცრად სწრაფად შემისრულა“ - განაცხადა ლამზირა მელიქიძემ.

ქალაქ გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა ლიფტის დათვალიერებისას გამოთქვა ვარაუდი, რომ საკითხის ღრმად შესწავლისა და სათანადო სახსრების გამოძებნის შემდეგ, შესაძლოა, ანალოგიური ლიფტები მერიამ მაღალ სართულებზე მცხოვრებ შშმ პირებსაც დაუმონტაჟოს.

,,შშმ პირების გარემოსთან ადაპტაციის ხელშეწყობა გორის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი სოციალური ბიუჯეტი 820 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 210 000 ლარი შშმ პირების ფულადი დახმარებისთვისაა გათვალისწინებული. აღნიშნული თანხით, ფინანსდება 11 სოციალური პროექტიც, რომელთა ბენეფიციარები სწორედ შშმ პირები არიან. გარდა ამისა, მერიის მიერ 2014 წლიდან განხორციელებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას ითვალისწინებს (პანდუსები მუნიციპალურ შენობებსა და საფეხმავლო ბილიკებზე).

ახლა ქალბატონი ლამზირას სამაგალითო აქტიურობის შედეგად შესაძლოა ლიფტების დამონტაჟება სხვა სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვისაც დავიწყოთ“ - განაცხადა ჯირკველიშვილმა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები