ახალი ამბები
გარეული კატის და ქათმების მკვლელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
შინაგან საქმეთა სამინისტროში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრებ ვახტანგ დვალიშვილის მიმართ გამოძიება გარეული კატის მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

ხოლო გარემოს დაცვის სამინისტრო, ტყის ქათმებზე ნადირობის გამო, მოქალაქეს ადმინისტრაციული წესით ედავება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს საფუძველზე, რომელშიც მოქალაქეს უჭირავს მოკლული კატა (გარეული ველის კატა) და ტყის ქათამი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს შიდა ქართლის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ფოტოს ავტორს ახსნა-განმარტება ჩამოართვეს.

მოქალაქე აცხადებს, რომ ნადირობის შედეგად მოიპოვა ორი ერთეული ქათამი, ხოლო კატის მოკვლის ფაქტს უარყოფს და მისი განცხადებით, მოკლული კატა გზად სახლში დაბრუნებისას აღმოაჩინა და გადაიღო ფოტო.

პრეს-სამსახურის ცნობით, მოქალაქემ სანადირო თოფის სარეგისტრაციო მოწმობა და გადამფრენ ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ვერ წარადგინა.

დაილუქა სანადირო თოფი. ჩამოერთვა ორი ცალი ტყის ქათამი და გარეული (ველის) კატა. შედგა შესაბამისი აქტი და ოქმი.

ტყის ქათმებთან დაკავშირებით, გამოძიებას გარემოს დაცვის სამინისტრო აგრძელებს, ხოლო გარეული კატის მოკვლის ფაქტზე - ხიდისთავის შს განყოფილება. 





Print

სტატიის გამოყენების პირობები