ახალი ამბები
დღეს პატრიოტ სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
დღეს, პატრიოტ სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

საქართველო ამ დღის აღნიშვნას 2009 წლიდან შეუერთდა.

მისი დაარსების ისტორია ფაშისტური გერმანიის მთავრობის მიერ პრაღელი სტუდენტების დაპატიმრებას და, შემდგომ, საკონცენტრაციოში ბანაკში მათ მოთავსებას უკავშირდება.

1939 წლის 28 ოქტომბერს ფაშისტების მიერ ოკუპირებულ პრაღაში სტუდენტებმა და მათმა პედაგოგებმა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფოს ჩამოყალიბების წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაცია გამართეს.

დემონსტრაცია დაარბიეს და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იან ოპლეტალი დახვრიტეს, რომლის დაკრძალვაც საპროტესტო მსვლელობაში გადაიზარდა. საპროტესტო მსვლელობის დროს ათობით სტუდენტი დააპატიმრეს.

იმავე წლის, 17 ნოემბერს, დილით ადრე, ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1 200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს და საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს. ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს.

ორი წლის შემდეგ, 1941 წლის 17 ნოემბერს, ლონდონში ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტთა საერთაშორისო შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც გადაწყდა, რომ პრაღაში დაღუპულ სტუდენტთა პატივსაცემად, 17 ნოემბერი სტუდენტთა საერთაშორისო დღედ გამოცხადებულიყო.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები