ახალი ამბები
კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის დახმარებით 2017-2020 წლებში ინტეგრირებული თესლის წარმოება იგეგმება
ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრი (CIP), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად ახალ პროგრამას განახორციელებს.

ახალი პროგრამა, რომელიც 2017-2020 წლებში განხორციელდება, საქართველოში მეთესლეობის სისტემის კვლევასა და ინტეგრირებული ჯანსაღი თესლის წარმოებას ითვალისწინებს.

ამის თაობაზე, დღეს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ აზიის ქვეყნებში კარტოფილის პროგრამის კოორდინატორს, გრეგორი ფორბესს ცენტრში მიმდინარე სამუშაოები გააცნო.

„სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ზოგადად მეკარტოფილეობის დარგის განვითარებისა და სარგავი (სათესლე) მასალის წარმოების ხელშეწყობისთვის. კარტოფილის ახალი ჯიშების ინტროდუცირება, მათი მოვლა-მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და გავრცელება ფერმერებს ხარისხიანი მოსავლის მიღებაში ეხმარება“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ვიზიტის ფარგლებში, კარტოფილის საერთაშორისო ცენტრის (CIP) წარმომადგენლებმა ჯიღაურას ვაზისა და ხეხილოვანი კულტურების საკოლექციო, სადედე და სადემონსტრაციო ნაკვეთები, ცენტრის ერთწლოვანი კულტურების ექსპერიმენტალური ბაზა და ინვიტრო ლაბორატორია დაათვალიერეს, სადაც CIP-ის მიერ ცენტრისთვის გადმოცემულ კარტოფილის ახალ ჯიშებსა და კლონებზე დაკვირვება მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები