ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის თავდაცვის მინისტრი, NATO - საქართველოს
წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში მიმდინარე ერთობლივ წვრთნებს
აპროტესტებს.
ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის თავდაცვის
სამინისტროს პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, კრწანისის სამხედრო
ბაზაზე განხორციელებული წვრთნები საფრთხეს უქმნის ე.წ. სამხრეთ ოსეთის
უსაფრთხოებას.
,,წვრთნებში მონაწილეობა საქართველოს სამხედრო პოტენციალს აძლიერებს
და, თავის მხრივ, ქართული მხარის მხრიდან სამხედრო ძალის
გამოყენებისკენ არის მიმართული" - აღნიშნულია დე-ფაქტო თავდაცვის
სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით,
წვრთნები მიმართულია არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ
სტაბილურობისკენ.
„საქართველო, როგორც ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან ნათელი და
მკაფიო ხედვა, როგორც სტაბილურობის, ასევე, უსაფრთხოების
თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ არის პასუხისმგებლიანი
პარტნიორი. პარტნიორი, რომელსაც გააჩნია უნარი, როგორც საქმით, ასევე
პოზიციით დააფიქსიროს თავისი მზადყოფნა გლობალური უსაფრთხოების
გასაღრმავებლად. ჩვენ გვინდა, განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის
თავდაცვისუნარიანობა, იმისათვის, რომ მოვიტანოთ მეტი სიმშვიდე, მეტი
სტაბილურობა. ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და გაღრმავება
არანაირად არ არის მიმართული ვინმეს წინააღმდეგ, არამედ
ერთმნიშვნელოვნად მიმართულია მეტი სტაბილურობისა და სიმშვიდისაკენ.
მივესალმები ყველას, ვინც ჩამობრძანდა საქართველოში ერთობლივი
სწავლების განსახორციელებლად. ეს ცენტრი სწორედ, მშვიდობისა და
სტაბილურობისათვის თანამშრომლობასა და ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის
მიზანს ემსახურება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით
გამოსვლისას.
„ჩვენი მიზანია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება და ქართული
ჯარის ნატოს სტანდარტებით მომზადება. ასეთი წვრთნები ჩვენ საშუალებას
გვაძლევს, უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საერთაშორისო
უსაფრთხოების განმტკიცებაში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა
მიმართულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების
უზრუნველსაყოფად, რაც ყველა მხარის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს“,-
განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი “NATO-საქართველოს
სწავლება - 2016”-ს დაესწრო.
მრავალეროვნული სწავლება რიგით მეორეა, რომელიც NATO -საქართველოს
არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) მიმდინარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები