დღეიდან, საქართველოში, ახალი მეთოდით გზის საფუძვლის მოწყობა
დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტის
პრეს-სამსახური ავრცელებს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ახალი მეთოდით გზის საფუძვლის
მოწყობა, ანუ სტაბილიზაცია, ცემენტის მსგავსი სპეციალური შენარევით
ხორციელდება.
მისი ღირებულება ერთ კვადრატულ მეტრზე 5-6 დოლარია, რაც თითქმის ორჯერ
იაფია კლასიკურ მეთოდთან შედარებით.
დეპარტამენტის წარმომადგენლის მტკიცებით, ეს მეთოდი გზის სწრაფად და
იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ასევე, ამ ფორმით მოწყობილი
გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია. ასევე, გამოირჩევა ნაკლები
წყალშეღწევადობით.
წელს გზის ინოვაციური მეთოდით მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოები
ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე
განხორციელდა.
უწყების განცხადებით, აღნიშნულ მეთოდს აქტიურად იყენებენ ევროპაში.
ინოვაცია უკვე აპრობირებულია აზერბაიჯანშიც.
,,სამუშაოების დასრულების შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების
მიხედვით, სპეციალისტებმა აღნიშნული მეთოდი დადებითად შეაფასეს.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ახალი მეთოდით მოწყობილი გზის
საფუძველი სრულად აკმაყოფილებს ტექნიკური მოთხოვნების პარამეტრებს. "
- აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ახალი მეთოდით, 2017 წელს, კიროვაკანი-კუმურდოს გზისა და
ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 3 კილომეტრიანი
მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება.
სტატიის გამოყენების პირობები