ახალი ამბები
კასპის გამგებლის დაკვეთით კერძო აუდიტორული კომპანია გამგეობის ,,აიპიებსა" და შპს-ებს შეამოწმებს
აუდიტორული კომპანია ,,ლაზიკა აუდიტი" კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსურ საქმიანობას სწავლობს.

ამის შესახებ ხელშეკრულება მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა გოჩიტაშვილმა კერძო აუდიტის წარმომადგენელთან თამაზ ბუკიასთან უკვე დადო.

ხელშეკრულების მიხედვით, აუდიტორული შემოწმება 2015 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

გარდა იმისა, რომ თვითმმართვეული ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების კანონიერება შემოწმდება, ასევე, დადგინდება რამდენად კანონიერად განხორციელდა შესყიდვები, ქონების პრივატიზება და კერძო პირების სარგებლობაში მისი გადაცემა.

შემოწმებას დაექვემდებარა კასპის გამგეობის დაფუძნებული არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები (აიპი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებიც.

კერძოდ, აუდიტორული შემოწმება 7 აიპის - კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას, მუზეუმების გაერთიანებას, სახელოვნებო სკოლების გაერთიანებას, ბიბლიოთეკების გაერთიანებას და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს - შეეხო.

რაც შეეხება შპს-ებს, მოწმდება ,,კასპის კეთილმოწყობა'; ,,კომუნა"; ,,ჰარმონია"; ,,ახალი განთიადი'' და ,,სოფლის წყალი". აუდიტორული კომპანია დასკვნას დეკემბრის ბოლოს მოამზადებს. ამისთვის მას დაახლოებით 2200 ლარს გადაუხდიან ბიუჯეტიდან.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები