ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა და დეპუტატებს სიტყვით მიმართა.

„არჩევნები შედგა! შედგა მეტნაკლები დარღვევებით, მაგრამ თავისუფალ გარემოში. შედეგად საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული 150 დეპუტატი, რომელიც განახორციელებს მომავალი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და ქვეყნის საკეთილდღეოდ წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო კომისიებს, მედიას, რომლებმაც ერთად უზრუნველყვეს დემოკრატიული სახელმწიფოებრივი პროცესის მემკვიდრეობითობა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჭეშმარიტად მრავალპარტიული პარლამენტი, თვისობრივი ნახტომი იქნებოდა ქართული პოლიტიკური რეალობისთვის.

„მჯერა, რომ ასეთი კონფიგურაცია დემოკრატიის გაძლიერებას უფრო მეტად შეუწყობდა ხელს, რადგან მეტი პარტია პარლამენტში, მეტ კონკურენციას, მეტ დისკუსიას ნიშნავს. პარლამენტს გარეთ არაერთი პოლიტიკური პარტია დარჩა, რომელთა ნაწილშიც, სამწუხაროდ, დეზორიენტაციის, კასკადური გადადგომებისა და ჩამოშლის პროცესები დაიწყო. რამაც საზოგადოებაში პოლიტიკის, პოლიტიკოსების მიმართ ერთგვარი ნიჰილისტური და სკეპტიკური განწყობები გააჩინა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა და განაცხდა, რომ პოლიტიკური პროცესი არჩევნებით არ მთავრდება! პირიქით, არჩევნების შემდგომ იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც საპარლამენტო, ასევე პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალებისთვის, - განაცხადა პრეზიდენტმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები