ახალი ამბები
ქალაქ გორში 24 სტუდენტს ფულადი საჩუქრები გადაეცა
ქალაქ გორში 24 სტუდენტს ფულადი საჩუქრები გადაეცა.

ამის შესახებ სპეციალური შეხვედრა გორის კულტურის ცენტრში გაიმართა.

დაჯილდოებული სტუდენტები ის აბიტურიენტები არიან, რომლებმაც მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგები აჩვენეს და 100%-იანი გრანტი მოიპოვეს.

ქულათა რაოდენობის მიხედვით, პირველი თხუთმეტი ახალგაზრდა 1000 ლარი მიიღო, მომდევნო ცხრა – 500 ლარს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ქალაქ გორის მერის ინიციატივა მიზნად ისახავს მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათ წახალისებას და განათლების ხელშეწყობას ადგილობრივ დონეზე.

ქალაქ გორის მერის პრიზის მისაღებად აბიტურიენტები რამდენიმე სავალდებულო მოთხოვნის მიხედვით შეირჩნენ: ქალაქ გორში რეგისტრაცია არანაკლებ 2 წლიანი ვადით, ქალაქ გორის კერძო და საჯარო სკოლების კურსის დასრულება და ეროვნულ გამოცდებში 100%-იანი გრანტის მოპოვება.

"გორელი ახალგაზრდების დაჯილდოებისათვის საჭირო 19 500 ლარი ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამიდან“ ფინანსდება. პროგრამა, მოსწავლეთა ფინანსური წახალისების გარდა, სკოლების კლასგარეშე აქტივობების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. მერია აფინანსებს სკოლების მიერ წარდგენილ საინტერესო პროექტებს, რომელთა განხორციელება წინ წამოსწევს აქტუალურ თემებს, აამაღლებს მოსწავლე - ახალგაზრდობის ცნობიერებასა და მოტივაციას, ასევე გაზრდის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საჯარო სკოლებს შორის თანამშრომლობასა და კოორდინაციას.“ - აცხადებს მერიის განათლების განყოფილების უფროსი ნინო ბერიანიძე.

განათლების პროგრამა მერიაში მეორე წელია მოქმედებს. ამ დრომდე პროგრამის ფარგლებში 43 აბიტურიენტი და 16 საგანმანათლებლო პროექტი დაფინანსდა. მიმდინარე წელს პროგრამის მთლიანი ბიუჯეტი 45 000 ლარს შეადგენს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები