ახალი ამბები
ბოლო მონაცემებით, გამყოფ ხაზთან მიმდინარე წელს 131 მოქალაქეა დაკავებული
დღეის მდგომარეობით, გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან, მიმდინარე წელს 131 მოქალაქეა დაკავებული.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

დაკავების ერთერთი ბოლო ფაქტი ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა.

კერძოდ, 2016 წლის 19 ნოემბერს, ატოცელი 59 წლის გიორგი გაბარაევი და 45 წლის კონსტანტინე გაბარაევი სოფლის განაპირას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების თანამშრომლებმა წაიყვანეს.

ცხინვალის სასამართლომ მათ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით 2 ათასი რუბლი დააკისრა. თანხა, გაბარაევებს ცხინვალში მცხოვრებმა ახლობლებმა გადაუხადეს.

დე-ფაქტო მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, მურატ ჯიოევი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებების კუთხით, დაანაშაულოს.  

ჯიოევის განცხადებით, დაკავებები კანონიერად ხორციელდება, ხოლო ცხინვალის მხრიდან ე.წ. საზღვრის დარღვევის ფაქტები არ ფიქსირდება.

ეს განცხადება ჯიოევმა ცხინვალში რამდენიმე დღის წინ მყოფ ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები