ახალი ამბები
რამდენიმე ყინვიანი ღამის გატარების შემდეგ ფედია ბაციკაძე სათნოების სახლში გადაიყვანეს
ფედია ბაციკაძე დღეს სიღნაღის რაიონის სოფელ საქობიეში არსებულ ა(ა)იპ „ბროწლეთის სათნოების სახლში“ გადაიყვანეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.

მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, თავშესაფარში მიუსაფარი ადამიანის გადაყვანა სოციალური სამსახურის ხანგრძლივი კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მოხერხდა.

,,მიუსაფარს არ ჰყავს არც ოჯახის წევრები და არც ნათესავები. მან გასული საუკუნის 90-იან წლებში სამაჩაბლო სამოქალაქო ომის დროს დატოვა. მას შემდეგ 25 წლის განმავლობაში ღაამებს გორის ქუჩებში, ღია ცის ქვეშ ათენებდა." - აცხადებენ მერიაში.

ფედია ბაციკაძე ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ღამეებს სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ათენებდა. ღამის საათებში, ჯერ ერთი მაღაზიის ჭიშკართან იძინებდა, შემდეგ მეორე მაღაზიასთან.

ნოემბრის 20 რიცხვიდან ტემპერატურის მკვეთრი დაცემის გამო რკინიგზის სადგურის დასახლებაში გადაინაცვლა.

„ფედია ბაციკაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გორის მერიისთვის გასული წლის იანვარში გახდა ცნობილი. ჩვენ მივმართეთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. მას მიენიჭა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირისა და დევნილის სტატუსი.“ - აცხადებს გორის მერიის სოციალური უზრუნველყოფისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქუთათელაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები