ახალი ამბები
გარაყანისძე-ერისთავების სასახლის აღდგენის საკითხს ძეგლთა დაცვის სააგენტო შეისწავლის
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში, გარაყანისძე-ერისთავების საგვარეულო სასახლის აღდგენის საკითხს ძეგლთა დაცვის სააგენტო და კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთობლივად განიხილავს.

ამის შესახებ საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დიმიტი ლომიტაშვილმა განაცხადა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული რეპორტაჟის შემდეგ, სასახლის აღდგენითი სამუშაოების მიზნით, სააგენტო და გამგეობა ერთობლივ გეგმას შეიმუშავებენ.

დიმიტრი ლომიტაშვილს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ესაუბრა.

,,აღნიშნული შენობა კასპის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და, შესაბამისად, კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად სასახლის აღდგენასთან დაკავშირებით, ერთობვლივ გეგმას შევიმუშავებთ. თუ საჭირო გახდება, ადგილზე ჩვენი არქიტექტურის სპეციალისტები ჩავლენ და დაეხმარებიან" - აცხადებს დიმიტრი ლომიტაშვილი.

კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსი თეო ხორბალაძე აცხადებს, რომ გარაყანისძე-ერისთავების სასახლის საკითხი გამგეობაში ჯერ არ განუხილავთ.

,,ჯერჯერობით, არავინ შეგვხმიანებია. როგორც მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელმა მითხრა, შენობა გამგეობის ბალანსზე არ იმყოფება" - აცხადებს თეო ხორბალაძე.

მუზეუმის გაერთიანების ხელმძღვანელი გივი მელაძე ამბობს, რომ წარმოდგენა არა აქვს რა იგეგმება ამ სასახლის ირგვლივ.

,,შენობა ჩვენს ბალანსზე არ იმყოფება, შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან არანაირი ინფორმაცია არსებობს" - აცხადებს გივი მელაძე.

ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე ნახეს, რომ მიწა და შენობას მესაკუთრე არ ჰყავს. შესაბამისად, ის სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხება. 

ამ სასახლეში ცნობილი ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ,,დავითიანის" ავტორის დავით გურამიშვილის მეუღლის, ქეთევან გარაყანისძის მშობლები ცხოვრობდნენ. ლამისყანაში ლეკების მიერ გურამიშვილის გატაცებიდან ერთი წლის თავზე ქეთევან გარაყანისძემ მარანში თავი მოიკლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები