ახალი ამბები
გორში სამადაშვილის ქუჩაზე ახალი ასფალტი ხელახლა გააჭრევინეს
ქალაქ გორში, სამადაშვილის ქუჩაზე, ახლად დაგებული ასფალტი ხელახლა გააჭრევინეს.

გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტებმა სამშენებლო კომპანიას ასფალტის სისქე დაუწუნეს.

,,ამის გამო, კომპანია იძულებული გახდა ხარვეზი გამოასწოროს და ასფალტი ხელახლა დააგოს" - გვითხრეს მერიის პრეს-სამსახურში.

კომპანია ,,შარას" დირექტორი ამირან მშვენიერაძე ამბობს, რომ სამუშაოთა წარმოების დროს, ადგილზე ბევრი გაუთვალისწინებელი შემთხვევა დახვდათ.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, გზის რეაბილიტაციის დროს ასფალტის გადაბმისას მოხდა აცდენა.

ჩვენს კითხვაზე, სხვა რა გაუთვალისწინებელ შემთხვევებს წააწყდნენ ადგილზე, ამირან მშვენიერაძე ამბობს, რომ გზის ამ მოკლე მონაკვეთში ძალიან ბევრის. გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის გამოყოფილი თანხა დადგენილ ლიმიტსაც გასცდაო.

,,ბუნებრივია, პროექტით გათვალისწინებული იყო ეს ხარჯები, მაგრამ ადგილზე იმდენი რამ დაგხვდა გამოსასწორებელი და გასაკეთებელი, რომ დადგენილ ლიმიტს გასცდა. იმას ჩვენი ხარჯებით გავაკეთებთ. ჩემი აზრით, პროექტირების დროსაც ვერ შეამჩნევდნენ ამ შემთხვევებს" - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

საუბარი ეხება სულ დაახლოებით 300 მეტრ მანძილს.

აღნიშნული მონაკვეთის დასაგებად მერიამ 90 ათასი ლარი გამოყო. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა - შპს ,,ვერელი პლიუსი" და შპს ,,შარა".

,,ვერელი პლიუსმა" 81 ათასი ლარი მიუთითა, ხოლო ,,შარამ" 79 999 ლარი. შესაბამისად, გაიმარჯვა ,,შარამ".

კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სავარაუდოდ ტროტუარების გაგანიერებაც დაჭირდებათ, რადგან გარკვეულ მონაკვეთზე, მიწის ქვეშ გაყვანილი კაბელები ნახეს.

სამუშაოთა გრაფიკის მიხედვით, სამუშაოები სამადაშვილის ქუჩაზე 30 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

რაც შეეხება მიმდებარე კეცხოველისა და გორიჯვრის ქუჩებს, იმ სამუშაოებს სხვა კომპანია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ახორციელებს.

კეცხოველის ქუჩა მარაბდელის ქუჩას სამადაშვილის ქუჩით უკავშირდება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები